სანტიაგო სანტოსი - ქარმა ხელი შეგვიშალა, მაგრამ საქართველო მაინც მოიგებდა
სანტიაგო სანტოსი - ქარმა ხელი შეგვიშალა, მაგრამ საქართველო მაინც მოიგებდა

საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელებმა პრეს-კონფერენცია გამართეს.

ესპანელი „ლომების“ თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა აღიარა, რომ საქართველოს ნაკრები მათზე ძლიერია და გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებდა:

„ქარმა თამაშის მსვლელობაზე გავლენა იქონია, თუმცა ვფიქრობ, საქართველო გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებდა, რადგან ის ჩვენზე ძლიერი გუნდია. პირველ ტაიმში ქარის საწინააღმდეგოდ ვითამაშეთ და ამით საქართველომ ისარგებლა, შესვენების შემდეგ კი, ქარის ფაქტორით ჩვენ ვერ ვისარგებლეთ.

ქარის გავლენაზე ისაუბრა ასევე სტუმართა კაპიტანმა ფერნანდო ლოპესმა:

„პირველ ტაიმში თავის დაცვა გვიწევდა და თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობდით, ვიდრე მეორეში, როდესაც ქარის მიმართულებით ვთამაშობდით და შეტევაზე ვფიქრობდით. პირველ ტაიმში ჩვენმა შერკინებამ მეტოქეს რაღაც დონეზე გაუძლო, თუმცა მეორე ტაიმში იგივე ვერ მოვახერხეთ“.

პირველ ტაიმში შერკინებაში არსებულ სირთულეებზე, დებიუტანტებზე და მატჩის მსვლელობაზე ისაუბრა მილტონ ჰეიგმა:

„მიუხედავად ყველაფრისა, გოგიჩაშვილი ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც გამოცდილი მოწინააღმდეგის წინაშე უწევდა თამაში. ნებისმიერ მორაგბეს შეიძლება თამაში ისე არ წაუვიდეს, როგორც თავად სურს. მოდი ასე ვთქვათ, გოგიჩაშვილს მძიმე თამაში ჰქონდა. ეს შევამჩნიეთ და მეორე ტაიმში შევცვალეთ, თუმცა ცვლილება მის უნარებს არანაირად არ აკნინებს“.

„ქარის მიმართულებით თამაშისას ძალიან რთულია ბურთი განივად ჩაათამაშო და ფრთებამდე ჩაიტანო, რადგან ის ქარს წინ მიაქვს. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა – ქარს ბურთი უკვე უკან, ჩვენს მხარეს მოჰქონდა. სწორედ ეს მესიჯი მივაწოდეთ ბიჭებს შესვენებისას“.

„გამომდინარე ამინდიდან, მცირე ტექნიკური წუნიც კი იზრდება და ამის გამო გადავწყვიტეთ ახლო-ახლო, ბრტყლად გვეთამაშა. როდესაც ვნახეთ რისი შეცვლა შეიძლებოდა, ეს ცვლილებები მოვახდინეთ“.

„ძალიან კმაყოფილი ვარ დებიუტანტებით. განსაკუთრებით მინდა ქერდიყოშვილი გამოვყო, რომელიც ნოემბრის ტესტებზეც ჩვენთან იყო და მაშინ სათამაშო დრო არ მისცემია. თუმცა ერთიც არ დაუწუწუნია და დღეს მან თავისი თამაში აჩვენა“.

დებიუტანტებისა და თამაშის დეტალების გარდა, რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე მოუწია პასუხის გაცემა გიორგი ნემსაძეს:

„მეტოქის შეუფასებლობა არ ყოფილა. შერკინება სპორტია სპორტში, ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს. ტექნიკური დეტალები აქვთ პირველ და მესამე ნომრებს. ეს დეტალები ზოგჯერ ერგება მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ არა. ზუსტად ეს დაინახეს მწვრთნელებმა, დროული ცვლილება გააკეთეს და ესპანეთს ძლიერი შერკინება რომ არ ჰყავდა, მაშინვე გამოჩნდა. მეტოქისგან მოლში ძლიერ თამაშს ველოდით. ლელოს გაშვების მომენტში იყო პატარა ტექნიკური წუნი, რომელიც არ უნდა დაგვეშვა“.

„ვემზადებით ბელგიასთან სათამაშოდ. რუსეთის რაგბის კავშირის თუ ნაკრების წარმომადგენლებისგან ხმამაღალი განცხადებები ადრეც გვსმენია და მას დიდად ყურადღებას არ ვაქცევთ. მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება“.

„დათოს მეორე თამაში ჰქონდა, ხოლო გრიგორს პირველი, და ორივემ ლელო გაიტანა, რაც დიდი წარმატებაა. ასეთი წნეხის დროს ეს ადვილი არაა. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა და ჩვენ ამ ბიჭებს ისეთი პირობები შევუქმენით, რომ წნეხი შევუმსუბუქეთ. ახალი მოთამაშეების გუნდში ინტეგრაცია ძალიან კარგად ხდება. ისინი თავიდან ვარჯიშებზე მოდიან და გვეხმარებიან, მერე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, კომბინაციებს სწავლობენ და როდესაც მოედანზე გადიან, ის მაყურებლისთვისაა ახალი მოთამაშე, თორემ ჩვენთვის კარგად ნაცნობები არიან. ფაქტია, ამას შედეგი მოაქვს და ასეთ პოლიტიკას ვემხრობი“.