სანქტ პეტერბურგთან ბიზნესმენი ბადრი შენგელია მოკლეს
სანქტ პეტერბურგთან ბიზნესმენი ბადრი შენგელია მოკლეს

სანქტ პეტერბურგთან რუსეთში ცნობილი, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია მოკლეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, შენგელიას ავტომობილს, რომელიც პეტერბურგის მიმართულებით მოძრაობდა, დაუდგენელმა პირებმა სხვა მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, შენგელია ორი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე იყო. ის კერძო საკუთრების უკანონო მისაკუთრებაში მონაწილეობდა და საკუთარი ნახატების გამოფენებს აწყობდა.

მედიის ცნობით, შენგელიას დაჯგუფებამ სანქტ პეტერბურგში საქმიანობა 1996 წელს დაიწყო. ადგილობრივი სამართალდამცველები ბადრი შენგელიას ქალაქში რეიდერების იდეოლოგს უწოდებდნენ.

2001 წელს შენგელიას წინააღმდეგ პირველად დაიწყო სასამართლო პროცესი. ის თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს. თუმცა მან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობა გააგრძელა. 2006 წელს მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით მორიგი საქმე აღძრეს, 2008 წლის თებერვალში სასამართლომ მას ორი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა შენგელია ერთ წელში კოლონიიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

ბადრი შენგელაიამ მოწმის სახით ჩვენებები მისცა კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმირ ბარსუკოვ-კუმარინის წინააღმდეგ, რომელსაც 2009 წელს რეიდერობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შენგელია ასევე მოწმის სტატუსით მონაწილეობდა საგამოძიებო კომიტეტში კორუფციის შესახებ გახმაურებულ საქმეში. ამჯერად ბრალდებული რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, მიხაილ მაქსიმენკო აღმოჩნდა, რომელსაც 20 აპრილს სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.