სანქტ-პეტერბურგში, ალექსეი ნავალნის შტაბში 15 ადამიანი დააკავეს
სანქტ-პეტერბურგში, ალექსეი ნავალნის შტაბში 15 ადამიანი დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბში 15 ადამიანი, მათ შორის შტაბის თანამშრომელი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისში ჩხრეკის დროს ამოღებულია ცარიელი ბიულეტენები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში ალექსეი ნავალნის შტაბის შემოწმების დროს ნაპოვნია გუბერნატორის არჩევნებისთვის განკუთვნილი ათობით ბიულეტენი.

ალექსეი ნავალნის შტაბში აცხადებენ, რომ ბიულეტენები მათ ჩაუდეს. ამის შესახებ ნავალნის თანაგუნდელმა, ოლგა გუსევამ განაცხადა.

ოპოზიციონერის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის უკან სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბეგლოვი დგას და რომ მომხდარი დეტალურად დაგეგმილი ოპერაციაა.

8 სექტემბერს რუსეთში რეგიონული არჩევნები იმართება. რუსეთის მოქალაქეები 16 რეგიონის გუბერნატორს და 13 რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს აირჩევენ, მათ შორის გაიმართება მოსკოვის დუმისა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის არჩევნები.