სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ადმინისტრაცია – რამდენიმე რაიონში ინფრასტრუქტურული ობიექტები უკრაინელი ნაცისტების უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გახდა, არიან დაშავებულები
სანკტ-პეტერბურგში, კრონშტადტის, კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტები გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, გამთენიისას კრონშტადტის, კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტები უკრაინელი ნაცისტების უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშ მოექცა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
პრესსამსახურის ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე ობიექტი და ამჟამად თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, მუშაობს ოპერატიული შტაბი, რომელსაც სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი ხელმძღვანელობს, ყველა შესაბამისი ძალა და საშუალება კი მზადყოფნაშია მოყვანილი.
მანამდე უკრაინულმა მედიამ ტელეგრამარხებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგში ათობით დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ნავთობტერმინალი იწვოდა. წერდნენ იმასაც, რომ პულკოვოს აეროპორტში ათზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო.