„სანი“ თემურ ქეცბაიაზე - „ნიუკასლის“ საკულტო გმირს ისტორიის დაწერა მწვრთნელის რანგშიც სურს [ვიდეო] #1TVSPORT
„სანი“ თემურ ქეცბაიაზე - „ნიუკასლის“ საკულტო გმირს ისტორიის დაწერა მწვრთნელის რანგშიც სურს [ვიდეო] #1TVSPORT

„ქეცბაია პრემიერლიგის საკულტო გმირია, რომელსაც ისტორიის დაწერა მწვრთნელის რანგშიც სურს“, – ამის შესახებ ცნობილი ტაბლოიდი „სანი“ წერს და კვიპროსის ნაკრების ქართველი მწვრთნელის მიერ წლების წინ გატანილი გოლის ემოციური აღნიშვნა გაიხსენა.

„ნიუკასლის“ საკულტო გმირს, თემური ქეცბაიას სურს, რომ მომავალ წელს ევრო 2024-ზე კვიპროსი გაიყვანოს. 55 წლის ქეცბაია „კაჭაკებს“ („ნიუკასლის“ ზედმეტსახელია) 1997 წელს შეუერთდა და „სენტ ჯეიმს პარკზე“ სამი წლის განმავლობაში 107 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

მისი ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი „შავ-თეთრში“ 1998 წლის მარტში „ბოლტონთან“ პრემიერლიგის მატჩი იყო. სათადარიგოთა სკამიდან 79-ე წუთზე მოედანზე შესვლის შემდეგ, 1:1-ზე, ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

შემდეგ მან გაიხადა მაისური, ხალხში ისროლა და სარეკლამო დაფებს ფეხი რამდენჯერმე მიარტყა. „ნიუკასლის“ ბევრი გულშემატკივარი გაოგნებული იყო გოლის ასეთი აღნიშვნით, მაგრამ ქეცბაიამ განმარტა, რომ ამით იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ თავიდან სათადარიგოთა სკამზე მოხვდა.

მან იმ დროს თქვა: „ზოგჯერ, გოლს კარგად არ გამოხატავ. ეს ჩემთვის ცუდი მომენტი იყო. მაშინ საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. „ნიუკასლში“ ბევრად უკეთ ვითამაშე და ხალხს ეს ახსოვს“.

ახლა, სიგიჟის მომენტიდან 25 წლის შემდეგ, ქეცბაია იმედოვნებს, რომ გამოიყენებს თავის ემოციას და შთააგონებს კვიპროსის ნაკრების წევრებს, რომ ევრო 2024-ზე გასვლა შეუძლიათ“, – წერს „სანი“.