სანდრო ტონალის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
სანდრო ტონალის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ნახევარმცველს სანდრო ტონალის, შესაძლოა, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ ტოტალიზატორზე თამაშის გამო.

იტალიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი ფიგურანტია არალეგალურ პლატფორმებზე ფსონების საქმეში. ტურინის პროკურატურას ტონალი სამი საათის განმავლობაში ჰყავდა დაკითხვაზე.

ფეხბურთელმა აღიარა, რომ ფსონებს ჩადიოდა საფეხბურთო მატჩებზე. უფრო მეტიც, ის ტოტალიზატორში თამაშობდა „მილანის“ მატჩებზე, ოღონდ იმ შეხვედრებში, რომლებშიც თავად არ მონაწილეობდა. შესაბამისად, მას არ შეეძლო პირდაპირი გავლენა მოეხდინა თამაშების შედეგებზე.

ტონალის, რომელიც 2023 წლის ზაფხულში „მილანიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდა, ამ აღიარებითი ჩვენებით სურდა „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ნიკოლო ფაჯოლის გზით წასულიყო და შვიდთვიანი დისკვალიფიკაცია მიეღო, მაგრამ მათ საქმეებში განსხვავებები არსებობს.

თუ ტონალის ფსონები „მილანის“ მატჩებზე დადასტურდება, ის ავტომატურად მიიღებს უფრო ხანგრძლივი ვადით დისკვალიფიკაციას – სამიდან ოთხ წლამდე. თუმცა, სასჯელი განახევრდება ბრალის აღიარების წყალობით.

ლაპარაკია 12-თვიან დისკვალიფიკაციაზე და კიდევ ექვსთვიან ალტერნატიულ სანქციებზე, რაც თამაშზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო მკურნალობაში გამოიხატება. ტონალიმ აღიარა, რომ თამაშზე დამოკიდებულია.

შემარბილებელი გარემოებები ძალაში შევა, თუ ტონალის ჩვენება დაემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც მისგან ამოღებულ ტელეფონშია. თუ მნიშვნელოვანი განსხვავება იარსებებს, ტონალის სასჯელი შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს.