სანდრო რაქვიაშვილი - ვერ წარმომიდგენია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩიდან“ გაგვყაროს
სანდრო რაქვიაშვილი - ვერ წარმომიდგენია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩიდან“ გაგვყაროს

ამ განცხადებების მიზეზები არ ვიცი. თავიდან მეგონა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. თავდაპირველად ზურას ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები, რაც არასერიოზულად მივიღეთ, შიდა პარტიულ ცენზურაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.

მისივე თქმით, პარტიული ცენზურა შესაბამისობაში არ არის იმასთან, რასაც „გირჩში“ აკეთებენ. ამასთან, როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, მან და ვახტანგ მეგრელიშვილმა ზურაბ ჯაფარიძისგან კომუნიკაციაზე უარი მიიღო.

„ეს შესაბამისობაში არ არის იმასთან, რასაც „გირჩში“ ვაკეთებთ. პირველი კომენტარი იყო, რომ ეს ხუმრობა იყო. ცენზურაში ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეულ თემებზე არ ვილაპარაკოთ. იმდენად არასერიოზული იყო ეს ჩემი მხრიდან, თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ განმარტებები ვერ მივიღეთ. დღეს დილით სტატუსი რომ წავიკითხე, იაგომ უპასუხა, ხუმრობო, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ვიცოდით. ადამიანმა რომ ცენზურა მომთხოვოს, მასთან არ ვითანამშრომლებ. თემები არ იყო მითითებული, კონკრეტიკა რომ მოვითხოვეთ, რას ითხოვდა, არ დააკონკრეტა. გუშინ ვთხოვეთ განმარტება, რა იყო ეს. მე და ვახომ კომუნიკაციაზე უარი მივიღეთ. სრულიად აბსურდია ეს ყველაფერი და ვწუხვარ, რომ ამის მონაწილე გავხდი.

ჩვენი პარტიის მიმართ ყურადღება სხვა თემებზე უნდა ყოფილიყო, ეს გარედან უცნაურად გამოიყურება. ადამიანურად არ წარმომიდგენია, ზურა გირჩი ჯაფარიძე წავიდეს „გირჩიდან“, მაგრამ არც ის წარმომიდგენია, რომ ზურამ გაგვყაროს არც ფორმალურად და არც ადამიანურად. ადეკვატურები ვართ, რომ ვილაპარაკოთ. ზურას ერთი წელია, ვიცნობ, ნახევარი წელია, ვთანამშრომლობ და კონფლიქტი არ მქონია. სიაში ჩემი დასახელების მიზეზი არ ვიცი, რა არის. ვახტანგს და ზურას ადამიანური, პიროვნული უთანხმოება ჰქონდათ. ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყოს პარლამენტი, რაღაც პოსტი ან პირადი ურთიერთობა. მივიჩნევ, რომ ეს გარემოება აბსურდულად გამოყურება. ვწუხვარ, რომ ასეთ აბსურდში მივიღე მონაწილეობა. ვინ გადის, ესეც არ ვიცი. თუ ვინმეს ვინმესთან მუშაობა არ უნდა, გავიყოფით, რა ფორმით, არ ვიცი. რა ხდება, მეც არ ვიცი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენს ეკლესიას რა მომავალი ექნება?, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ შენარჩუნების იმედი აქვს.