სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციამ, დიპლომატებმა, ჩვენმა მეგობრებმა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, კარგია, რომ პრეზიდენტიც ასეთ პოზიციაზეა
სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციამ, დიპლომატებმა, ჩვენმა მეგობრებმა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, კარგია, რომ პრეზიდენტიც ასეთ პოზიციაზეა

პრეზიდენტის განცხადება სავსებით ლოგიკურია შექმნილ სიტუაციაში და ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია მათ შორის პრეზიდენტთან, დიპლომატებთან და ერთი რამ არის ცხადი, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი მკაფიო არგუმენტი არ აქვს, რატომ გამოვიდა ის 19 აპრილის შეთანხმებიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება არ უნდა მოეხდინა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ეს დამაზიანებელია ზოგადად ქვეყნისთვის და რამდენად ვიწროპარტიული ინტერესი არ უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, რანაირი მოტივებიც არ უნდა ჰქონოდა, ეს არ უნდა გაეკეთებინა. ახლა საკითხი იმაშია, სრულდება თუ არა ეს შეთანხმება და თუ აღსრულდება, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მივიღებთ კონსტიტუციურ ცვლილებებს და ეს გარანტიაა, რომ ახლო მომავალში გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი. დარწმუნებული ვარ, შეიცვლება ევროპელების და ამერიკელების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად და არა მარტო „ქართული ოცნების“ მიმართ და როგორი გავლენა ექნება ამას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ძალიან რთულია ამის პროგნოზირება. ამ დოკუმენტში კონსტიტუციური ცვლილებების ნაწილი სადაც ბარიერზეა საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ეს ჩვენთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოლაპარაკებების დროს და ახლაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ ეს არ მოხდა ჩვენ გვექნება ისევ ორპარტიული სისტემა და როგორ მთავრდება ეს კარგად ვიცით. ამიტომ, ამ ნაწილში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ, დიპლომატებმა ჩვენმა მეგობრებმა და კარგია, რომ პრეზიდენტიც ასეთ პოზიციაზეა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები შედგეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.