სანდრო რაქვიაშვილი - ვიმედოვნებთ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ იქნება შეწყვეტილი, რადგან ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება დასრულებულია
სანდრო რაქვიაშვილი - ვიმედოვნებთ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ იქნება შეწყვეტილი, რადგან ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება დასრულებულია

დარწმუნებული ვარ, როგორც კი ამომრჩევლები შეცვლიან დამოკიდებულებას პარლამენტისადმი თუ ბოიკოტისადმი, პოლიტიკოსებიც შეცვლიან დამოკიდებულებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ უფლებამოსილება არ იქნება შეწყვეტილი, რადგან ეს დე ფაქტო ნიშნავს, რომ მოლაპარაკება დასრულებულია და ერთადერთი გზა რჩება ოპოზიციას, ქუჩიდან მიაღწიოს ახალ არჩევნებს და ძალაუფლების ცვლილებას, რაც არ იქნება მარტივი, არ იქნება უმტკივნეულო და ზოგადად, ძალიან რისკის შემცვლელია ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა, როცა საგანგებო მდგომარეობას დაუჭრა მხარი, რითაც უამრავი შეზღუდვა იქნა შემოღებული.

„ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. დღემდე ოპოზიციამ ეს დაშვებული შეცდომა არ აღიარა. ასევე, შეიძლება, ვთქვათ, რომ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები ამ მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ამაში არაფერია უცნაური, პროცესი ცოცხალია და ყველამ შეიძლება, შეცდომა დაუშვას. ამის მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ ამ შეცდომებს უნდა გადავაყოლოთ ჩვენი პარლამენტარიზმი. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ თემაზე, რაც უფრო მეტი ღია დისკუსიები გვექნება, მით უფრო მეტი შანსია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ამომრჩევლები დაინახავენ რისკებს. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ამომრჩევლები შეცვლიან დამოკიდებულებას პარლამენტისადმი თუ ბოიკოტისადმი, პოლიტიკოსებიც შეცვლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ ხელისუფლებას დაელაპარაკება და გააცნობს პოზიციას, თუ როგორ წარმოუდგენია მას ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი იარაღი საჯარო დისკუსიაა.

„ჩვენი მთავარი და ერთადერთი იარაღი არის ღია, საჯარო საუბარი. ჩვენ ვეცდებით, მათ შორის მედიის საშუალებით, მაქსიმალურად ხშირად ველაპარაკოთ სხვადასხვა აუდიტორიას, რათა დავარწმუნოთ, ოპოზიციის მხრიდან არჩეული გზა და „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩეული გზა, არის გზა, რომელიც შეგვიყვანს ჩიხში და რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები საბოლოო ჯამში მოლაპარაკებისთვის. სხვა გეგმები არ გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით სხვადასხვა პოლიტიკოსის განწყობა, თუ ღია საუბარი შედგება, ჩვენ არ შემოვიფარგლებით „სადღეგრძელოებით“ და ამომრჩეველი დაინახავს სულ სხვა სურათს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და პოლიტიკური გარემოც შეიცვლება“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.