სანდრო რაქვიაშვილი - წარმოდგენა არ მაქვს, იქნება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიციაში, რომ შეიცვალოს, დაზუსტდეს ან რაღაც მოდიფიკაცია განიცადოს პოზიციამ
სანდრო რაქვიაშვილი - წარმოდგენა არ მაქვს, იქნება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიციაში, რომ შეიცვალოს, დაზუსტდეს ან რაღაც მოდიფიკაცია განიცადოს პოზიციამ

„გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, იგეგმება თუ არა ოპოზიციაში რაიმე სახის შეხვედრა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი იმის მიმართ, რომ ოპოზიცია შეძლებს ისეთი პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს.

„ჩემთვის უცნობია, იგეგმება თუ არა რაიმე შეხვედრა. ერთი მხრივ, ძალიან კარგია სხვა ინიციატივები რომ „იჩითება“, ეს ნიშნავს, რომ ჩემი კოლეგები ფიქრობენ, როგორ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. მეორე მხრივ, ჯერ არ მაქვს წარმოდგენა, იქნება თუ არა ოპოზიციაში მოლაპარაკება იმის თაობაზე, ან შეიცვალოს, დაზუსტდეს, ან რაღაც მოდიფიკაცია განიცადოს პოზიციამ. ჯერჯერობით ამის მოლოდინი არ მაქვს.

ოპოზიციაში გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ არა აქტიური კომუნიკაცია, როგორიც იყო თუნდაც ერთი-ორი კვირის წინ. ამ მომენტში მე უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ ოპოზიცია შეძლებს ისეთი პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც დაგვეხმარება მოლაპარაკებაში. ზოგადად, მემგონი პასუხისმგებლობის, თუ შესაძლებლობების დიდი ნაწილი მაინც „ქართული ოცნების“ მხარეს არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ „ქართული ოცნება“ გადადგამს ნაბიჯს, მათ შორის ჩვენი მოთხოვნის მიმართულებით, რაც ეხება პროპორციულ, უბარიერო არჩევნებს. ეს იქნება ისეთი კონსტრუქციული ნაბიჯი, რომელიც ალბათ სტიმულს მისცემს ოპოზიციას, რომ მთავრობასთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენი მოთხოვნა დანარჩენი ოპოზიციისთვისაც მისაღები იქნება?“, – რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ რთულად წარმოუდგენია პოლიტიკოსი, რომელიც ასეთ წინადადებაზე უარს იტყვის.

„საბოლოო ჯამში ეს იყო, რისთვისაც ჩვენ არაერთი თვე ვიბრძოდით, რომელიც დაასრულევს ამ პოლიტიკურ კრიზისს, დაწყებული პოლიტპატიმრებიდან, დამთავრებული არჩვენების ირგვლივ პრობლემებით.

საბოლოო ჯამში, ეს ყველას ინტერესშია. არ არის მხოლოდ „გირჩის“ ინტერესი, ეს არის სასარგებლო „ქართული ოცნებისთვისაც“, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ზოგადად ყველა პარტიისთვის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, „ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ განმეორებითი არჩევნები განმუხტავს კრიზისს“, რაქვიაშვილი პასუხობს, რომ ესმის კოლეგების, რომლებიც ამ მომენტში პოზიციას არ ცვლიან.

„მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ, უბარიერო არჩევნებზე არ არის დაკმაყოფილებული, ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ისინი ფიქრობენ, რატომ შეცვალონ პოზიცია, თუ ის გამოსავალი ჯერ არ არის აქტუალური. თუმცა ეს პოლიტიკაა და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, ავარჩიოთ საუკეთესო გამოსავალი და არა უბრალოდ ის, რომელიც ერთხელ გავამჟღავნეთ. ამიტომ თუ ეს წინადადება იქნება დადებული მოლაპარაკების მაგიდაზე, დარწმუნებული ვარ, იქნება შეხვედრები და დისკურსები ამის ირგვლივ. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.