სანდრო რაქვიაშვილი - ვეცდებით, „ქართულ ოცნებასთან“ დავაზუსტოთ მათი წინადადება ტექსტის სახით და დავიწყებთ კომუნიკაციას ჩვენს კოლეგებთან, რომ ამისთვის ღირს პარლამენტში შესვლა
სანდრო რაქვიაშვილი - ვეცდებით, „ქართულ ოცნებასთან“ დავაზუსტოთ მათი წინადადება ტექსტის სახით და დავიწყებთ კომუნიკაციას ჩვენს კოლეგებთან, რომ ამისთვის ღირს პარლამენტში შესვლა

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან არის ბევრი ადამიანი, ვინც მიხვდება, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ზოგადად, წარსული კომუნიკაციიდან ვიცით, რომ მარტივად უარს არ გვეტყვიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდნარაძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ „ქართულ ოცნებასთან“ დავაზუსტოთ, ზუსტად რა ტიპის თანხმობა არის საჭირო ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, ზუსტი წინადადება როგორი იქნება დადებული, ბუნებრივია, ნებისმიერი წინადადება უნდა იყოს ფასილიტატორებთან ერთად შეთანხმებული, რომ გარკვეული გარანტიები არსებობდეს. მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ კომუნიკაციას ჩვენს კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ ოპოზიციიდან არის ბევრი ადამიანი, ვინც მიხვდება, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ზოგადად, წარსული კომუნიკაციიდან ვიცით, რომ უბრალოდ მარტივად უარს არ გვეტყვიან. აქედან გამომდინარე, ჩვენი უახლოესი დღეების მიზანი იქნება ამ თემაზე მაქსიმალურად ფართო დისკუსია, რათა დავრწმუნდეთ ჩვენი კოლეგების პოზიციაში და დავარწმუნოთ ისინი, თუ სხვა პოზიციაზე არიან, რომ ამისთვის ღირს პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რავიაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იყო. მისივე განმარტებით, გარკვეული გარანტიები უნდა არსებობდეს და რაღაც ტიპის წინადადებები უნდა დაიდოს მაგიდაზე.

„ჩვენ ვეცდებით ხვალ, მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“ დავაზუსტოთ წინადადება ტექსტის სახით, რომელიც კოლეგებთან ოპოზიციამ უნდა ვთქვათ, რომ აი, ამაზე თანახმა ხართ თუ არა, ანუ კონკრეტული რაღაც ტექსტი უნდა იყოს და პირველ რიგში, დავიწყებთ საუბარს კოლეგებთან. თუ ეს წინადადება იქნება, რომელიც ჩვენ გვაწყობს, მართლა ბუნებრივი ბარიერი იქნება იქ ჩაწერილი და ამ წინადადებით, ასე ვთქვათ, მივალთ ელჩებთან და იქ გაფორმდება ეს, ჩვენ ბუნებრივია, შევალთ პარლამენტში, რადგან ჩვენ ასეთი მიზანი გვაქვს, მაგრამ გარკვეული რაღაც დაზუსტება გვჭირდება. ძალიან გვაინტერესებს ზოგადად კოლეგების პოზიცია ოპოზიციიდან და კი, ალბათ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ელჩთან უნდა შევიკრიბოთ ამის გამო. ოპოზიცია არ ვიცი, ახლა რას იტყვის, ალბათ ისეთი მომენტია, რომ უნდა მოვუსმინოთ სხვა პოლიტიკოსებს, მაგრამ ჩვენ უკვე დღეს დავიწყეთ კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებთან. თუ ეს წინადადება იქნება მიღებული ოპოზიციაში და თუ შეიქმნება ისეთი პირობა, რომ 2022 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლა იქნება ოპოზიციურად განწყობილი და ასე ვთქვათ, პრინციპული უპირატესობა ექნება ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება რესურსი, მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს პარლამენტიდან“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სხვა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მაინც და მაინც რიგგარეშე არჩევნები იქნება, ამის პირველი წინაპირობაა, არსებობდეს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა.

„ზოგადად ამ პროცესზე, თუ როგორი მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ, ამაზე საუბარი ჩვენ გვქონდა. პრობლემა იყო ის, რომ ეს უბარიერო არჩევნები არ იყო დადებული, რაც გარკვეულწილად გვაჩერებდა ჩვენც, მაგრამ ზოგადად, თუ ჩემს კოლეგებს მაინც და მაინც უნდათ ვადამდელი არჩევნები, ამის პირველი წინაპირობა არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ასევე ითხოვდეს ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ მაინც მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, თუ პარლამენტში ვიქნებით და ამ რეფორმას ჩავატარებთ. ამიტომ ჩვენ ეს არგუმენტი გვექნება, რომ დავარწმუნოთ კოლეგები, რომ შევიდეთ პარლამენტში. „ოცნება“ ეშინია ვადამდელი არჩევნების მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ძალაუფლების უზურპაციის შესაძლებლობა ან ერთ მხარეს, ან მეორეს. როგორც კი პროპორციული არჩევნები დაიდება, ამის საშიშროება გაქრება, ამიტომ არავის აღარ შეეშინდება ამის დანიშვნა და თუ შეიქმნება კრიზისი 2022 წელს, ამის განმუხტვის გზა იქნება ვადამდელი არჩევნები, როგორც ეს ხდება ნებისმიერ ცივილიზებულ დემოკრატიაში და ამას პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, თუ ეს რეფორმა იქნება მივიღებული, ყველა პარტია შეიძლება, აღმოჩნდეს კმაყოფილი, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით.

„დაველოდებით „ქართული ოცნების“ წერილობით პოზიციას, რომ რაღაც გაუგებრობა არ იყოს, მაგრამ ზოგადად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდაზე იქნება დადებული უბარიერო პროპორციული არჩევნები, ჩვენ შევალთ პარლამენტში და შევიყვანთ ჩვენს კოლეგებსაც. ძალიან გამიკვირდება, თუ რომელიმე ოპოზიციონერს ექნება საჯაროდ კონტრარგუმენტი. მგონი, ეს იყო ყველაზე კონსტრუქციული ნაბიჯი, რაც შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკურ ვითარებაში გადადგმული“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას აცხადებს იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო. ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.