სანდრო რაქვიაშვილი - უნდა ვიმსჯელოთ, როგორი იყოს სახალხო დამცველი, ეს ინსტიტუცია საერთოდ ზედმეტია, თუ სასამართლო და პროკურატურა კარგად მუშაობენ
სანდრო რაქვიაშვილი - უნდა ვიმსჯელოთ, როგორი იყოს სახალხო დამცველი, ეს ინსტიტუცია საერთოდ ზედმეტია, თუ სასამართლო და პროკურატურა კარგად მუშაობენ

სახალხო დამცველის კანდიდატურაზე რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული და წინ ბევრი დისკუსია გველის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა იმსჯელონ, როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი.

„უნდა ვიმსჯელოთ, როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი. ეს ინსტიტუცია საერთოდ ზედმეტია, თუ სასამართლო და პროკურატურა კარგად მუშაობენ. სახალხო დამცველი რომ გვყავს, ამით ვაღიარებთ, რომ სასამართლო სისტემა არ ვარგა და ამით გვინდა, ეს დავაკომპენსიროთ. სახალხო დამცველის შინაარსი არის ამ სისტემასთან დაპირისპირება, ბრძოლა, უფლებების დაცვა და უფლებები რაში მდგომარეობს, ხშირად ამაზეც არ გვაქვს თანხმობა. მაგალითისთვის, მოქმედი სახალხო დამცველი ჩუმად იყო მთელი კორონაისტერიის დროს, როცა მასობრივად არღვევდა მთავრობა უფლებებს და მას ისინი არ გაუკრიტიკებია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზეც, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ესწრებოდნენ.

რაქვიაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

„რაც შეეხება სამ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ პოლიტიკურ გუნდებს. თუ არ გაქვს პოზიცია და არ შეგიძლია, პასუხისმგებლობა აიღო შენს არჩევანზე და ეს არჩევანი დაიცვა, მაშინ რას აკეთებ პოლიტიკაში? – იმის უკან დაიმალო, რომ მოდი, სახალხო დამცველის კანდიდატურას სხვა ხალხი აირჩევს და მე უბრალოდ ამას პარლამენტში შემოვიტან. მგონი, ეს არასერიოზულია. პირიქით, მგონი, გვჭირდება, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ყველას თავის პოზიცია ჰქონდეს და დებატებში, ღია დისკუსიით გავარკვიოთ, რა გვინდა. გამოვიდა, რომ პარტიების ნაწილი ამოეფარა, როგორც ფარს, არასამთავრობო სექტორს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ჭკვიანი ხარ. ადამიანის უფლებები შეიძლება, გესმოდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ხომ პარლამენტში მოხდება და თუ პარლამენტარი ხარ, პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღო შენს გადაწყვეტილებაზე. თუ შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, ე.ი. შენი არჩევანი უნდა იყოს და არა არასამთავრობო სექტორის. შეიძლება, ის ხალხი ჩაერთოს, ისეთი კანდიდატურა იპოვონ, რომელიც მეც მომეწონება, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ მე უნდა დავაჭირო ღილაკს. როგორ დავაჭირო, თუ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება?“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მონაწილეობით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ესწრებოდნენ.