სანდრო რაქვიაშვილი - არ მგონია, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის ბრალდება იმდენად ღირებულია, მას დავუჯეროთ
სანდრო რაქვიაშვილი - არ მგონია, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის ბრალდება იმდენად ღირებულია, მას დავუჯეროთ

უკრაინაში ძალიან ბევრი დაპირისპირებული მხარეა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ მხარეს იყო. ეს ადამიანი რომელი ჯგუფის წევრია, არ ვიცი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკოლაი მალომუჟის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.

როგორც რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გაუჭირდება თქმა, რა პოლიტიკური მოტივი შეიძლება ჰქონდეს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს.

„არსებობენ ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების ჯგუფები. ვინც უკრაინული კონტექსტი იცის, ამ ადამიანის განცხადება რთულია, რადგან ამ ადამიანის ბიოგრაფია არ ვიცი და ვერ გეტყვით, რომელ ჯგუფს წარმოადგენს, რა პოლიტიკური მოტივი შეიძლება ჰქონდეს. იმას კი არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას ასეთი კავშირები ჰქონოდა და რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდეს, უბრალოდ, არ მგონია, ასეთი ბრალდება იმდენად ღირებულია, მას დავუჯეროთ. როგორც საქართველოში მთელი ქვეყანა ვეძახდით ერთმანეთს სუკი-ს აგენტებს, შეიძლება, ახლა იგივე ხდებოდეს უკრაინაში“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.