სანდრო რაქვიაშვილი - სულ მცირე, მოქალაქეების არჩეულ პოლიტიკოსებს რუსეთის აგენტობა არ უნდა ვაბრალოთ, აგენტი ვერ იქნება „ნაცმოძრაობის“ ნახევარი მილიონი და „ქართული ოცნების“ მილიონი ამომრჩეველი
სანდრო რაქვიაშვილი - სულ მცირე, მოქალაქეების არჩეულ პოლიტიკოსებს რუსეთის აგენტობა არ უნდა ვაბრალოთ, აგენტი ვერ იქნება „ნაცმოძრაობის“ ნახევარი მილიონი და „ქართული ოცნების“ მილიონი ამომრჩეველი

სულ მცირე, მოქალაქეების არჩეულ პოლიტიკოსებს რუსეთის აგენტობა არ უნდა ვაბრალოთ, მოღალატე და აგენტი ვერ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარი მილიონი და „ქართული ოცნების“ მილიონი ამომრჩეველი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროპის საბჭოს მოწოდებებს მოსახლეობის დიდი ნაწილიც იზიარებს, მაგრამ, მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ეს მოწოდებები შესრულდება.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ეტყობათ, რომ დაპირისპირების დასრულებას გეგმავენ.

„მშვენიერი რეზოლუციაა და ალბათ ევროპის საბჭოს მოწოდებებს მოსახლეობის დიდი ნაწილიც იზიარებს. კერძოდ, იმას, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა პოლარიზაცია უნდა დაასრულოს და შესრულდეს ის პუნქტები, რომლებიც კანდიდატის სტატუსს მოგვცემს. ასეთი მოწოდებები პირველად არ არის გაჟღერებული და არცერთ წინა შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია. ქვეყანაში პოლარიზაცია გაღრმავდა და დაპირისპირებაში გადადის. პუნქტები შეუსრულებლად გამოიყურება, კომპრომისიც ნაკლები ალბათობით შედგება. არ მგონია, ეს მოწოდებები შესრულდეს. სულ მცირე, მოქალაქეების არჩეულ პოლიტიკოსებს რუსეთის აგენტობა არ უნდა ვაბრალოთ, რადგან შეიძლება ვიღაც იყოს აგენტი და ვიღაც მოღალატე, მაგრამ მოღალატე და აგენტი ვერ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარი მილიონი ამომრჩეველი და „ქართული ოცნების“ მილიონი ამომრჩეველი. ცხადია, პოლარიზაციის დასრულების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი აქვს, რადგან ძალაუფლება მას აქვს, მაგრამ ჯერ არაფერი ეტყობა არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დაპირისპირების დასრულებას გეგმავენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს რეზოლუცია, სადაც საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო სტატუსის მისაღებად, რისკენაც საქართველოს მიისწრაფვის.