სანდრო რაქვიაშვილი - შეხვედრების მიზანია, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი პრობლემა გაჩნდა
სანდრო რაქვიაშვილი - შეხვედრების მიზანია, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი პრობლემა გაჩნდა

„გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების მიზანი ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა.

„ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი პრობლემა გაჩნდა. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში შევხვდით ალეკო ელისაშვილს და ვთხოვეთ, რომ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში ხელი შეგვიწყოს, მათ შორის ალეკო ელისაშვილს ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან რაღაც დაძაბული ურთიერთობა აქვს და, მემგონი, ალეკოს მხრიდან კარგი ჟესტია, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის განმარტებით, შეხვედრას გამართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელსაც პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს.

„რაც ეხება უშუალოდ ჩვენს შეთავაზებას, ჩვენი პოზიციები არ შეცვლილა, იგივეს ვითხოვთ საბოლოო ჯამში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრები გამოვიდნენ, შეიცვალოს კანონმდებლობა, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა – პროპორციული, უბარიერო არჩევნები გვქონდეს ყველგან და ყოველთვის, თუმცა რადგან „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენ ოპოზიციას აქვს შეუთავსებელი პოზიციები, ჩვენ, ასე ვთქვათ, ვიპოვეთ ის გამოსავალი, რომელიც შეათავსებს ამ პოზიციებს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ღირს ამისთვის საუბარი. ერთი პრობლემა, რაც ზოგადად ადრე იყო, არის დახურულ კარს მიღმა საუბარი, საზოგადოებამ არ იცოდა დეტალები, როგორ მიდიოდა, რა ხდებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად ღიად გავაკეთოთ ეს. პირველი, რაც ბუნებრივად გამოვიდა, ალეკოს და ლევანს შევხვდით. გიორგი ვაშაძეს უნდა შევხვდეთ, შემდეგ „ლელოში“ მივალთ აუცილებლად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბუნებრივად ვერ გამოვტოვებთ, რადგან აუცილებელია, მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს პარლამენტში, ზოგადად, ყველა ოპოზიციურ პარტიას დაველაპარაკებით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გაიმართება მოლაპარაკება „სტრატეგია აღმაშენებელთან“.

„გარკვეულწილად გიორგიზე ვართ დამოკიდებული. დღეს, თუ გუშინ ჩამოვიდა, რაღაც კომუნიკაცია გვქონდა, როგორც კი გამოჩნდება დრო და თავისუფალი იქნება, მაშინვე შევხვდებით. ჩვენ ძალიან არ გვეჩქარება, გვირჩევნია, რომ ეს იყოს წარმატებული მოლაპარაკება და თუ ერთიან პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ელჩებთანაც ჩავატარებთ მეხუთე რაუნდს, რომელიც წარმატებული იქნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.