სანდრო რაქვიაშვილი - სანამ მართლა არ შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, უნდა დავუჯეროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინიდან და გიული ალასანიას, რომელმაც ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა
სანდრო რაქვიაშვილი - სანამ მართლა არ შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, უნდა დავუჯეროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინიდან და გიული ალასანიას, რომელმაც ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა

მე უბრალოდ მაკვირვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ​არათანმიმდევრულობა, აქციების დანიშვნა იქნება ეს თუ მოთხოვნები, გაუგებარი ულტიმატუმი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„თუ ულტიმატუმი წააყენეს, რაღა დღეს არ დაიწყო აქციები. ბარემ, დღესვე დაეწყო, მაგრამ დღეს 7 ნოემბერია და მაგიტომ არ იყო აქციები. ამიტომ, ეს რაღაც უცნაური გეგმები, რომლის შემდეგ რა ხდება, გაუგებარია. გასაგებია, ულტიმატუმი ამოიწურა და მერე ხომ გასაგებია, რომ სააკაშვილს არ გამოუშვებდნენ, რადგან მელიამ მოითხოვა აქციაზე. მერე რა გეგმა ექნებათ, ძალიან დიდი ინტერესით დავაკვირდები. იმედია, მშვიდ გარემოში გავიგებთ ამ გეგმას“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, მას ურჩევნია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გაუშვან სამკურნალოდ. როგორც „გირჩის“ წევრი აცხადებს, ეს ყველაზე უსაფრთხო იქნება ყველასთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ისე „ქართული ოცნებისთვის“.

„მაგრამ მე ჯერ არ მიჯერებენ, არც ჩემს თანაპარტიელებს უჯერებენ. არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე იქნება. არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ, თუ მართლაც კრიტიკული არ ხდება, რადგან მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, ეშინოდეს, კლინიკაში რაიმე დაძაბულობა შეიძლება, შეიქმნას. ადამიანი ასე თუ ისე მაინც შიმშილობს, შეიძლება, ამდენ საკვებს იღებს, იმდენ საკვებს იღებს, მაგრამ ეს ხომ არ გაგრძელდება უსასრულოდ და ადრე თუ გვიან პრობლემა შეიქმნება. შეიძლება, ახლა არ დგას პრობლემა. მე „ნაციონალური მოძრაობისაც“ არ მჯერა, რომ ახლა საათების ამბავია და კრიტიკული სიტუაციაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ დადგება და მაშინ რას ვიზამთ. ამიტომ სანამ მართლა კრიტიკული სიტუაცია არ შეიქმნა, უნდა დავუჯეროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინიდან და ქალბატონ გიული ალასანიას, რომელმაც ასევე სთხოვა უკრაინაში გადაყვანა და ასე ვთქვათ, დავასრულოთ ეს კრიტიკული პრობლემა“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.