სანდრო რაქვიაშვილი - „სამართლიანმა არჩევნებმა“ ყურადღება გაამახვილა დაუბალანსებელი ოქმების სიმრავლეზე, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რამხელა გავლენა იქონია ამან საბოლოო შედეგზე
სანდრო რაქვიაშვილი - „სამართლიანმა არჩევნებმა“ ყურადღება გაამახვილა დაუბალანსებელი ოქმების სიმრავლეზე, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რამხელა გავლენა იქონია ამან საბოლოო შედეგზე

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ყურადღება გაამახვილა დაუბალანსებელი ოქმების სიმრავლეზე, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რამხელა გავლენა იქონია ამან საბოლოო შედეგზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ყველა თანხმდება, რომ არჩევნებზე დარღვევები იყო, თუმცა ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს ამ დარღვევების მასშტაბი და მათი გავლენა საბოლოო შედეგზე.

„განცხადებიდან მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, არის ის, რომ გაურკვევლობა რაღაცნაირად დასრულდეს. ეს უფრო ვრცელი აღწერაა იმ შედეგების, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო. გადაამოწმეს და დაზუსტებული ინფორმაცია მოგვაწოდეს. არამგონია, პრინციპულად შეიცვალოს ის სიტუაცია, რაც ვიცით. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ძალიან ბევრი დაუბალანსებელი ოქმი და ბევრი შეცდომა იყო, რაც ეჭვებს აჩენდა. ზოგადად, ლეგიტიმურობის კითხვა იმიტომ გაჩნდა, რომ არჩევნები მართლაც ცუდად ჩატარდა.

გასაკვირი არ არის, რომ ცესკო-სთან პატარა სხვაობა დაჯდა. „ქართული ოცნებისთვის“ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნაში უფრო პრობლემურია ის, რომ ორგანიზაციამ მორიგ ჯერზე ყურადღება გაამახვილა დაუბალანსებელი ოქმების სიმრავლეზე, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რამხელა გავლენა იქონია ამან საბოლოო შედეგზე.

უნდა შევწყვიტოთ გაბუტებული ხალხის პოლიტიკური თამაში და დავიწყოთ მართლა არგუმენტურებული მსჯელობა. მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, შეიძლება ვიღაცამ დაიჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, ვიღაცამ დაიჯერა, რომ არ გაყალბდა, მაგრამ პარტნიორებს, ელჩებს ხომ უნდა დავუმტკიცოთ რაღაც.

ფაქტია, რომ ოპოზიციამ ვერ შეაგროვა ისეთი ხარისხის მტკიცებულება, რომლები მათ შორის ჩვენს ფასილიტატორებს ცალსახად დააჯერებდა. არავის არ უნდა იმის დამტკიცება, რომ დარღვევები იყო, ყველა ვთანხმდებით ამაში. „ქართული ოცნებაც“ თანხმდება ამაზე, უბრალოდ ჩვენ ვცდებით მასშტაბზე. როგორი იყო მასშტაბი და რა გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე, ეს დასამტკიცებელია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

დატოვე კომენტარი