სანდრო რაქვიაშვილი - „სამართლიან არჩევნებში“ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ელენე ნიჟარაძემ უფრო ადრე არ გამოაცხადა შეცდომის თაობაზე და არ გადადგა
სანდრო რაქვიაშვილი - „სამართლიან არჩევნებში“ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ელენე ნიჟარაძემ უფრო ადრე არ გამოაცხადა შეცდომის თაობაზე და არ გადადგა

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „სამართლიან არჩევნებთან“ (ISFED) მიმართებით მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ელენე ნიჟარაძემ უფრო ადრე არ გამოაცხადა შეცდომის თაობაზე და ორგანიზაციის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობა არ დატოვა.

​„პრინციპში, ტექნიკური შეცდომები ყველამ შეიძლება, დაუშვას. მგონი, მთავარი პრობლემა „ისფედში“ იყო ის, რომ თვითონ არ გადადგა და უფრო ადრე არ გამოაცხადა შეცდომის თაობაზე. როგორც მივხვდი, დაახლოებით ორი კვირა იყო ცნობილი, რომ შეცდომა არსებობს და ჩვენ პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გავიგეთ ეს შეცდომა. ეს იყო პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცამ ფორმულაში შეცდომა დაუშვა, ამიტომ იმ დღესვე რომ სცოდნოდა და იმ დღესვე თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ, არც შევიმჩნევდით ამას, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებდით „ისფედის“ კვლევას, როგორც ერთ-ერთ არგუმენტს, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის ძირითადი არგუმენტი, ამიტომ ამ არგუმენტის გარეშეც ვიცხოვრებდით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, ასუსტებს თუ არა აღნიშნული ფაქტი ოპოზიციის პოზიციას, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა და უფრო მნიშვნელოვანი შეცდომებიც იყო დაშვებული მოლაპარაკებების პროცესში, ამიტომ „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომა ალბათ ყველაზე უმნიშვნელოა ამ შეცდომებს შორის.

„მაგალითად, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია არგუმენტად. ზოგჯერ ოპოზიციონერები მართლა იყენებდნენ და ამ გაგებით შეიძლება, ვთქვათ, რომ დასუსტდა, მაგრამ ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, ზოგადად მოლაპარაკებებში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან. უფრო მნიშვნელოვანი შეცდომებიც იყო დაშვებული და ამიტომ „ისფედის“ ნაწილი ალბათ არის ყველაზე უმნიშვნელო ამ შეცდომებს შორის“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.