სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის თემას თავისი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის იყენებენ
სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის თემას თავისი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის იყენებენ

არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევდეს, მიხეილ სააკაშვილს რაიმე დაემართოს. მე მგონი, უბრალოდ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება და არაპროგნოზირებადი გახდება პოლიტიკური ვითარება, და ზუსტად ამიტომ, არ მჯერა, რომ ახლა კრიტიკული სიტუაცია იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე არის წინასაარჩევნო ამბავი და რამდენიმე დღეში რიტორიკა შეიცვლება.

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის თემას იყენებს იმისთვის, რომ თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია გააკეთოს. მე არცერთი მხარის არ მჯერა ამ შემთხვევაში. თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მანიპულაცია და ეს შემოწმდება მარტივად. ერთ კვირაში, 10 დღეში თუ რიტორიკა შეიცვალა, თუ სხვა მოთხოვნები იქნება, ე.ი. წინასაარჩევნოდ გვატყუებდნენ. თუ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგალითად, არანაირი ახსნა არ აქვს, რატომ არ უნდა გადაიყვანონ რომელიღაც კლინიკაში. უბრალოდ, მე არ მჯერა, რომ კრიტიკული მდგომარეობაა და ამიტომაც ასე იქცევა „ქართული ოცნება“. დაველოდოთ რამდენიმე დღე, არჩევნები ჩაივლის. თუ მშვიდად ჩაიარა და არაფერი მოხდება, დაძაბულობა ჩაცხრება, მაშინ სხვანაირად იქნება სააკაშვილის ირგვლივ საქმე. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არჩევნების გამო ხდება და თუ არჩევნები დასრულდება და ეს საჭიროება აღარ იქნება, რომ მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ მობილიზება მოხდეს – მიხეილ სააკაშვილი კვდება და მოდით, გადაარჩინეთო, ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზება, რომ ჩვენ ასე ვეპყრობით მიხეილ სააკაშვილს, მკაცრად ვსჯით და ა.შ. ეს საჭიროება ხო აღარ იქნება რამდენიმე დღეში და რომ არ იქნება, მერე სხვა მოტივები გავა წინ. მაგალითად, ის, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა. გვინდა-არ გვინდა, მუდამ პრობლემა იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება და მის გამოშვებას „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ აპატიებს. საბოლოო ჯამში, რჩება ექსტრადირება, სამკურნალოდ გაშვება ევროპაში და ა.შ. მგონი, ასეთი თემები წამოიწევს წინ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.