სანდრო რაქვიაშვილი - პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვან, რა უნდათ სახალხო დამცველისგან და მერე სათანადო კანდიდატი წარადგინონ
სანდრო რაქვიაშვილი - პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვან, რა უნდათ სახალხო დამცველისგან და მერე სათანადო კანდიდატი წარადგინონ

პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვან, რა უნდათ სახალხო დამცველისგან და მერე სათანადო კანდიდატი წარადგინონ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მარტო ჩვენ მოვიქეცით ასე და, საბოლოო ჯამში, მე მქონდა იმედი, რომ ისინი მაინც ვერ შეთანხმდებოდნენ ასეთი მიდგომით და ბოლოს იაგოს აირჩევდნენ, მაგრამ არ გამოვიდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილმა პროცესში ოპოზიციის პასუხისმგებლობის წილზეც ისაუბრა.

„პროცესში ოპოზიციის პასუხისმგებლობის წილი იყო ის, რომ მათ თავიანთი პასუხისმგებლობა ასე უცნაურად გადააბარეს ენჯეოსექტორს. ეს ენჯეოსექტორის საქმე არ არის, რადგან პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკოსები იღებენ პასუხისმგებლობას. მე მგონი, მათ შეეშინდათ, პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღოთ, მეტი არაფერი. მე რომ გამოვდივარ და ვამბობ, იაგოს ვუჭერ მხარს, რაღაც პოლიტიკურ პოზიციას ვაფიქსირებ და პასუხისმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ოპოზიციას შიდაპარტიული ბულინგის ან მხარდამჭერთა მხრიდან ბულინგის ეშინია, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“ ეშინოდა თავისი მხარდამჭერების ბულინგის.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ ვერ იქცა იაგო ხვიჩია კომპრომისულ კანდიდატად და რამდენად წონადია მისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა არგუმენტი, რომ ის პოლიტიკისგან დისტანცირებული არ არის და მისი არარჩევის ერთადერთი მიზეზი სწორედ ესაა, სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არგუმენტი სერიოზული არასდროს არ იყო.

„რა თქმა უნდა, ეს არის ფორმალური არგუმენტი, რადგან ზუსტად ფორმალურად, ის რომ აერჩიათ, დატოვებდა მანდატს, პარტიის წევრობას და ფორმალურად პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ შინაარსობრივად ჩვენ პირიქით ვამბობდით – ეს პოზიცია პოლიტიკურია და ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, იაგო ხვიჩიას კანდიდატურას ინდივიდუალურ დონეზე მხარს ბევრი დეპუტატი უჭერდა „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ და „ქართულ ოცნებაშიც“.

„უბრალოდ რომ ეთქვათ ლიდერებს, ხალხო, როგორც გინდათ, ისე მიეცით ხმაო, იაგოს აირჩევდნენ. საკმაოდ ბევრი გვიჭერდა მხარს ორივე პარტიაში, მაგრამ პარტიული დისციპლინა მაინც მნიშვნელოვანი ამბავია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, როგორ შეაფასებს სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნას ევროკომისია, რომელმაც მე-12 რეკომენდაციად დამოუკიდებელი ომბუდსმენის გამჭვირვალედ არჩევა ითხოვა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ამ პრობლემას გადავურჩებით, მაგრამ თუ სახალხო დამცველის არჩევა გაზაფხულისკენაც ვერ მოხდა, ეს ნამდვილად პრობლემა იქნება.

მისივე თქმით, საგაზაფხულო სესიისთვის უფრო მეტად ადეკვატურ პოლიტიკურ პროცესს უნდა ველოდოთ.