სანდრო რაქვიაშვილი - პარლამენტმა მოსმენის გარეშე უყარა კენჭი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ეს ნაბიჯი ეროვნული ბანკის ირგვლივ უკონტროლო სიტუაციას მეტად ამყარებს
სანდრო რაქვიაშვილი - პარლამენტმა მოსმენის გარეშე უყარა კენჭი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ეს ნაბიჯი ეროვნული ბანკის ირგვლივ უკონტროლო სიტუაციას მეტად ამყარებს

პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა. რაქვიაშვილის განცხადებით, პარლამენტმა კანდიდატები დისკუსიისა და განხილვის გარეშე, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნა.

რაქვიაშვილის თქმით, მას ბევრი შეკითხვა და ეჭვი ჰქონდა კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით.

„დღეს პარლამენტმა მოსმენის გარეშე პირდაპირ კენჭი უყარა ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს სამ წევრს. გასაგები რომ იყოს, ეს არის ხალხი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მონეტარულ პოლიტიკაზე და ზოგადად, მართავს ეროვნულ ბანკს. ამ სამი ადამიანიდან იქნება არჩეული მომავალი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად, საჯარო განხილვა არც კი გვქონდა. რამდენიმე კომიტეტზე იყო მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმი. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს სრულიად უკონტროლო სიტუაციას ეროვნული ბანკის ირგვლივ. როცა ეროვნული ბანკი, მაგალითად, პარლამენტს ინფორმაციასაც კი არ აწვდის თავის საქმიანობაზე მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად სცდება კონსტიტუციის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას. ჩვენ გვაქვს ეროვნული ბანკი, რომელიც ფულს ბეჭდავს და აკონტროლებს მთელ საბანკო სისტემას ისე, რომ არავინ აკონტროლებს ეროვნულ ბანკს.

ბოლო ბერკეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ საჯარო განხილვები გვქონდეს, მიწოდებული იყოს ინფორმაცია პარლამენტისთვის და პარლამენტარებმა უკვე პოლიტიკურად ზემოქმედება განახორციელონ ეროვნულ ბანკზე, რის გამოც ჩვენ მათ შორის 10-პროცენტიანი ინფლაცია გვაქვს, დღეს ეს ბერკეტიც კი დაიკარგა. ამიტომ, მოვუწოდებ ამომრჩეველს, მედიას, მეტი ყურადღება მივაქციოთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ფაქტობრივად განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პოლიტიკას მომავალ 7-9-წლიან პერიოდში. ანუ დღეს რაც გავაკეთეთ, შეიძლება აისახოს ისეთ დროს, როგორც პრობლემა, რომელზეც ჩვენ არც კი ვფიქრობთ. ამიტომ, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ და ასეთ სიტუაციაში მეტი საჯაროობა საჭირო. ჩემთვის უცნობია, რა მოტივები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, ამიტომ გვჭირდებოდა საჯარო განხილვა, რათა გამოჩნდეს, რა მოტივები აქვთ. ბევრი კითხვა მქონდა, ასევე ეჭვი ზოგი კანდიდატის კომპენტენციის მიმართ. ზოგადად, კარგი იქნებოდა ამის თაობაზე სესიაზე დაგვეწყო დისკუსია, მაგრამ ასე არ მოხდა. დისკუსია რომ ყოფილიყო, ალბათ უფრო არგუმენტირებულად ვიტყოდი, მაგრამ ფაქტია, სიტუაცია შეიქმნა, როცა დავნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე ადამიანები ისე, რომ მათი კანდიდატურები წესიერად არ განვიხილეთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი აირჩია.