სანდრო რაქვიაშვილი – პაპუაშვილთან შეხვედრაზე მშვიდად ვილაპარაკეთ, თანამშრომლობის პროცესი თუ ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შესაძლოა, დაწიოს პოლარიზაცია
„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, პარლამენტში შალვა პაპუაშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე საკითხებთან დაკავშირებით ხედვები გაცვალეს.
მისივე თქმით, თანამშრომლობის პროცესი თუ ეფექტიანი იქნება, შესაძლოა, ამან პოლარიზაცია შეამციროს და პრობლემა მოგვარდეს.
„მშვიდად ვილაპარაკეთ, გავცვალეთ ხედვები, რადგან ჩვენთვის ყველაზე კარგი ნაბიჯი იქნებოდა, დაგვეწყო კონსტიტუციით. გაცხადებული პოზიციაა, რომ კონსტიტუცია არის ბოლოში. ყველა ვთანხმდებით, რომ თუ პროცესი სწორად მიმდინარეობს, თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, შესაძლოა, ამან დაწიოს პოლარიზაცია და პოლარიზაციის პრობლემა მოგვარდება. მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თანამშრომლობა. ჩვენ არ ვართ ვალდებული, გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ შეგვიძლია, თანამშრომლობა და როგორც შევთანხმდით, ერთ-ორ კვირაში გამოჩნდება. ეს არ უნდა იყოს დროში გაწელილი პროცესი. როცა დაიწყება კომიტეტებზე მუშაობა კანონპროექტებთან დაკავშირებით, უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული, გასაგები და არ უნდა იყოს ფორმალისტური, როცა ვიღაცამ ვიღაცა მოიშორა რაღაც ზოგადი არგუმენტებით. დანარჩენი ნაწილი, რაც მონიტორინგია ამ პოლარიზაციის, არ მჯერა, რომ რაღაც ეფექტი ექნება, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ რაღაცას გააკეთებს, გააკეთოს და დავაკვირდებით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მეტი წნეხი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას „ქართულ ოცნებაზე“, რათა საკითხი დადგეს დღის წესრიგში არა იანვარში, არამედ სექტემბერში.
„კონსტიტუციის ნაწილზე რაც იყო ნათქვამი, ჩვენ კიდევ მეტი წნეხი უნდა გვქონდეს „ქართულ ოცნებაზე“, რომ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში არა იანვარში, არამედ სექტემბერში“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.