სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციური პარტიების განცხადება აღვიქვი, როგორც პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა, „ქართულ ოცნებას“, არც ოპოზიციის დიდ ნაწილს მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არ სურთ
სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციური პარტიების განცხადება აღვიქვი, როგორც პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა, „ქართულ ოცნებას“, არც ოპოზიციის დიდ ნაწილს მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არ სურთ

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას პასუხისმგებლობის არიდების გარკვეულ მცდელობად აფასებს.

მისი თქმით, არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციის დიდ ნაწილს მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არ სურს.

„მე ეს განცხადება აღვიქვი, როგორც პასუხისმგებლობის არიდების გარკვეული მცდელობა. ჩემთვის გასაგებია, რომ არც „ქართულ ოცნებას“, არც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ სურს, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.

„ქართულმა ოცნებამაც“ არაერთი დესტრუქციული ქმედება ჩაიდინა და ამ ნაწილში ოპოზიციამაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებული არ ყოფილიყო.

ჩვენ ბევრი ვეცადეთ, რომ ასე არ ყოფილიყო და ოპოზციას ჰქონოდა მინიმუმ ერთიანი პოზიცია, რომელსაც ელჩებთან დავიცვდით, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა ჩათვლეს, რომ დამატებით საუბარს, შეხვედრებს აზრი არ აქვს და უკეთ იციან, რა არის ქვეყნისთვის უკეთესი, მათ შორის მშვიდობიანი რევოლუცია იქნება ეს, თუ პროტესტები.

ახლა გარკვეულწილად სინდისის წინაშე მართლები ვართ, ყველაფერი ვცადეთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა პარლამენტის გარეშე არ დარჩენილიყო. ახლა დაველოდებით, რით დამთავრდება ეს კოლიზია  „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პარტიების, რომლებიც ამ პროცესში თვითონ ჩაერთნენ.

მგონი, ჩვენ ამ კატასტროფისგან ვეღარ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ბევრს ვისუბრებთ, რომ მომავალმა თაობებმა და შესაძლოა, ჩვენვე, მომავალში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „განცხადებას ხელი არ მოაწერეთ, თუ ის თქვენს გარეშე შედგა და გავრცელდა“, – რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ განცხადების შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ.

„ამ განცხადების შემუშავებაში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებდით, თუმცა ორშაბათის ჩათვლით გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან და მათ მშვენივრად იციან ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ასეთი ტიპის პერფორმანსში მონაწილეობას მაინც არ მივიღებდით“, – დასძინა სანდრო რაქვიაშვილმა.

გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან იმ პოზიციის, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავეს.

ამასთან, განცხადებაზე ხელმომწერი პარტიები მიმართავენ „ქართულ ოცნებას“, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას აქვს დასმული“.