სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციას ჩვენი პარტნიორებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, უპასუხისმგებლობა იქნება, არ შევიმჩნიოთ ეს ყველაფერი
სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციას ჩვენი პარტნიორებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, უპასუხისმგებლობა იქნება, არ შევიმჩნიოთ ეს ყველაფერი

როცა ვამბობთ, რომ ვიპოვით ადამიანებს, ვინც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ არ ვამბობთ, რომ ჩვენი ოცნებაა, ვიცით, რომ ამ 51 ადამიანში არიან ისინი, ვინც ხვდებიან ამ ცვლილების მნიშვნელობას,- ამის შესახებ „გირჩის წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ბევრი, სხვადასხვა სახის კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენი პოზიცია მაინც ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვიპოვით ადამიანებს, ვინც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ არ ვამბობთ, რომ ჩვენი ოცნებაა, ან რაღაც ვირტუალური იედეები. ჩვენ ვიცით, რომ ამ 51 ადამიანში არიან ისინი, ვინც ხვდებიან ამ ცვლილების მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ამას არა მარტო „რესპუბლიკელები“ ან არმაზ ახვლედიანი, არამედ სხვებიც ხედავენ. თუ „ქართული ოცნება“ დადებს ამ კანონპროექტს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ჩვენ დავინახავთ უფრო მეტ მსურველს.

ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებზე, პოლიტიკური სისტემის სერიოზულ ცვლილებაზე, რომელიც არ შეიძლება არ იყოს საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი კოლეგებისთვის. ეს დრო დადგება, რომ ჩვენ სულ სხვა დისკუსიას დავიწყებთ, სხვანაირად მივუდგებით საქმეს. მეტიც, ახლა რასაც ვაკვირდები, პოლიტიკურ სპექტრში შეიძლება იყოს ოპოზიციური პარტიებისგან რეკონსოლიდაციის მცდელობა, ვითომ ისევ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ასე მარტივად არ არის“,- აცხადებს რაქვიაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციას პარტნიორებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და ამის არშემჩნევა, რაქვიაშვილის განცხადებით, უპასუხისმგებლობა იქნება.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, რომ არანაირი მხარდაჭერა ოპოზიციას ჩვენი პარტნიორებისგან არ აქვს. მე მივიჩნევ, რომ უპასუხისმგებლობა იქნება, არ შევიმჩნიოთ ეს ყველაფერი და გავაგრძელოთ ვითომ არაფერი არ მომხდარა. გავაგრძელოთ ცხოვრება ვირტუალური იმედით, რომ რაღაც გაზაფხულზე თავისით დალაგდება და თუ ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნება“ გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯს და დადებს ამ მნიშვნელოვან ცვლილებას მოლაპარაკებების მაგიდაზე, არ მჯერა, რომ ჩვენ ვერ ვიპოვით ოპოზიციაში საღად მოაზროვნე 20 პარლამენტარს. თუ ვერ ვიპოვით, ესეც ცუდი დიაგნოზი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის“,- განაცხადა „გირჩის“ წევრმა.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.