სანდრო რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი ხანია, კრიზისშია და, ფაქტობრივად, არ არსებობს ადამიანი, რომელიც პარტიის პოზიციას წარმოადგენს
სანდრო რაქვიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი ხანია, კრიზისშია და, ფაქტობრივად, არ არსებობს ადამიანი, რომელიც პარტიის პოზიციას წარმოადგენს

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი ხანია, კრიზისშია და, ფაქტობრივად, არ არსებობს ადამიანი, რომელიც პარტიის პოზიციას წარმოადგენს, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ გვინდა რაღაც ტიპის შეთანხმება, თანამშრომლობა ან, უბრალოდ, პოზიცია რომ მაინც ვიცოდეთ, ვის უნდა ველაპარაკოთ? ახლა, ფაქტობრივად, დავდივართ და ინდივიდუალურად ყველა დეპუტატს ველაპარაკებით, რადგან რაღაცნაირად სხვადასხვა ბანაკის წარმომადგენლები არიან, სხვადასხვა პოზიციებით და ა.შ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამ განცხადებით სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის, ბრძოლა პოლიტიკური გაჯანსაღებისთვის თუ ბრძოლა პარტიის უკეთესი მომავლისთვის.

მისი თქმით, პროცესი, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის, არაჯანსაღად გამოიყურება.

„არც იდეებზე მიდის ჭიდილი და არც რაღაც პრინციპებზე. რაღაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ, უბრალოდ, მართლა ძალაუფლებისთვის იბრძვიან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, მერაბიშვილი და კეზერაშვილი ყოველთვის ამ პარტიაში იყვნენ და მათი გავლენა რაღაცნაირად ყოველთვის არსებობდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს არც მელიას აწუხებდა და არც სხვა პარტიებს.

„ახლა, რადგან ეს შედარებით უფრო საჯარო გახდა, მიკვირს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები ასე მკაფიოდ რომ ემიჯნებიან ამ ხალხს. საერთოდ არ მინდა, რაღაცნაირი კავშირი მქონდეს ამ ადამიანებთან, მაგრამ თავად ხომ თანაცხოვრობდნენ და მათთან ერთად ფუნქციონირებდნენ? მათ შორის, დაფინანსებას ხომ იღებდნენ?“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, გახდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრიორიტეტული საკითხი დაპირისპირებული მხარეებისთვის მაშინ, როდესაც პარტიაში დღის წესრიგში დადგა არჩევნების საკითხი და შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მხარდამჭერთა ხმებზეა დამოკიდებული, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ეს მუდმივად ასე იყო და პირად საუბრებშიც ყველა აღიარებდა, პარტიის რეიტინგის 90% მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია.

კითხვაზე, რითია განპირობებული სააკაშვილის დუმილი ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით თუ სხვა რამით, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გამოდის და დამკვირვებლის პოზიციიდან რამე დასკვნის გამოტანა რთულია.

„პირობითად, როდესაც მის ჯანმრთელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ძალიან კრიტიკული ვითარებაა, ოღონდ არ გეუბნებიან, საერთოდ რა ხდება და რა არის ამ კრიტიკული სიტუაციის მიზეზი, ეს გარკვეულ უნდობლობას იწვევს. არ ვიცი, შეიძლება, მისი მხარდამჭერები სხვა მოტივით ხელმძღვანელობენ, მაგრამ მე რომ ვიცოდე, ჩემი ახლობელი შეიძლება, ამ დღეებში გარდაიცვალოს და მიუხედავად ამისა, არ ვაჟღერებდე მიზეზებს, რა შეიძლება მოხდეს, რაღაც უცნაური იქნებოდა. მე ასე არ მოვიქცეოდი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილმაემპათიის“ დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამი ათასგვერდიანი სამედიცინო დასკვნა არასერიოზულია.

„ისეთი შთაბეჭდილებაა, სათქმელი არაფერი მაქვს და მოდი, ბევრს ვიტყვი, რომ ძირითადი პრობლემა დავმალო. მაგალითად, იაგო ხვიჩია ახლა ერთ-ერთი პატიმრის პრობლემაზე მუშაობს, რომელსაც ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხით, როგორც ჩანს, ბევრად უფრო რთული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს და მისი სამედიცინო დასკვნა გვერდ-ნახევრიანია, მაგრამ იმ გვერდ-ნახევარს რომ წაიკითხავ, ზუსტად მიხვდები, რომ ეს ადამიანი მართლა უნდა გამოვიდეს ციხიდან“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.