სანდრო რაქვიაშვილი - მზად ვართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ნაფიცი მსაჯულების მანდატს გააფართოებს
სანდრო რაქვიაშვილი - მზად ვართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ნაფიცი მსაჯულების მანდატს გააფართოებს

ჩვენ მზად ვართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ნაფიცი მსაჯულების მანდატს გააფართოებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გზით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება სასამართლო რეფორმაში.

„ამ საკითხზე არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს დისკუსია „ქართულ ოცნებასთან“. გუშინ მთელი დღე ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენი პოზიცია საკმაოდ მარტივია. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი თუ ისეთი დაკომპლექტებით სასამართლოს რამე ეშველება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ნაფიცი მსაჯულების მანდატს გააფართოებს. ჩვენ ყველაზე კონსტრუქციული და ამავდროულად ეფექტიანი გზა გვაქვს. იუსტიციის საბჭოსაც დავაკომპლექტებთ და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ სასამართლო რეფორმაში, რომელიც 12 პუნქტის ნაწილია. ამაზე „ქართული ოცნებისგან“ თანხმობა ჯერ  არ გვაქვს. როგორც ვიცი, კანდიდატურებზეც არ არის თანხმობა, მათ შორის, ოპოზიციაშიც“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.