სანდრო რაქვიაშვილი - მთავარია, რა კომპრომისზე წავლენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების მთავარი საკითხი მათი დაპირისპირებაა
სანდრო რაქვიაშვილი - მთავარია, რა კომპრომისზე წავლენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების მთავარი საკითხი მათი დაპირისპირებაა

თუ მოხდება კომპრომისი არჩევნების თაობაზე და პატიმრების თემაზე, ბუნებრივია, შეთანხმებაც შედგება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მიმართ განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ არის განწყობილი.

„რომ ვთქვა, განსაკუთრებული ოპტიმიზმით ვარ სავსე, არ იქნება სიმართლე.  უკვე ხუთი თვეა, ვხედავთ, რომ ბევრი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, მათ შორის, ბატონი დანიელსონის ბოლო რაუნდიც, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მხარეები დაუჯერებენ დანიელსონს და კომპრომისზე წავლენ. ამ შემთხვევაში მთავარია, რა კომპრომისზე წავლენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან საბოლოო ჯამში მოლაპარაკების მთავარი საკითხი მათი დაპირისპირებაა. თუ მოხდება კომპრომისი არჩევნების თაობაზე და პატიმრების თემაზე, მაშინ, ბუნებრივია, შეთანხმებაც შედგება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ასეთი კომპრომისის შანსი თუ გაჩნდა, იყოს რეალიზებული. ჩვენთვის მთავარი საკითხი, გარდა პატიმრებისა, არის ბარიერი, ბუნებრივი ბარიერი რომ იყოს და თუ ყველა პარტია შეთანხმდა ყველა დანარჩენ საკითხზე და ბუნებრივი ბარიერის გამო შეიქმნა პრობლემა მოლაპარაკებაზე, ბუნებრივია, მზად ვიქნებით, ეს საკითხი დავთმოთ და დაბალ ბარიერზე შევთანხმდეთ“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან დაიწყებს.