სანდრო რაქვიაშვილი - მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ
სანდრო რაქვიაშვილი - მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი გაფორმებულია და ის უნდა შევასრულოთ, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამ კონტრაქტის დარღვევა ბევრად უარესი იქნება მომავალი ინვესტორებისთვის, რადგან ჩვენმა მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა და ასე გამოვა, რომ მერე, ასე ვთქვათ, ინვესტორი გადააგდო. ამაზე ცუდი რა უნდა გააკეთო, არ ვიცი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობას შეეძლო, კონტრაქტში უკეთესი პირობები ჩაედო და „ნამახვანჰესი“ მართლაც მომგებიანი პროექტი ყოფილიყო, რადგან ეს ნორმალური, ჩვეულებრივი ბიზნესია.

„არის უამრავი ქვეყანა, სადაც ბევრად მეტი ჰესია, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში. ამის არ უნდა გვეშინოდეს და არც იმის უნდა გვეშინოდეს, რომ მიწას გავყიდით. პირიქით, მიწა არ უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში. ის კერძო საკუთრებაში უნდა იყოს და მთლიანად კერძო მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს, ჰესი ააშენოს, თუ ბოსტანი გააშენოს. ეს საერთოდ არ უნდა იყოს ამდაგვარი დისკუსიის საკითხი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„გირჩის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხში სახელმწიფო უფრო მეტად არის ჩართული, ვიდრე საჭიროა და პრობლემაც ამაში მდგომარეობს.

„იმ მიწის უდიდესი ნაწილი, რაც ჰესისთვის არის გამოყოფილი, სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. ის რომ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფილიყო, მიწა მოსახლეობას გაეყიდა და ყველა ბედნიერი ყოფილიყო, პროცესი ხომ უბრალოდ, არ იარსებებდა?“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ბიზნესმენი ჩვენ საზოგადოებაში მთავარი ადამიანია და ქვეყანა მათ შრომაზე დგას.

„ბიზნესმენი ქმნის სამუშაო ადგილებს, ბიზნესმენი აძლევს შეკვეთებს მომღერალს თუ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს სხვა პროდუქტებს სთავაზობენ, ბიზნესმენი ამოძრავებს ეკონომიკას და ცივილიზაცია საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებზე დგას. აი, ეს არ არის გააზრებული“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.