სანდრო რაქვიაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების არანაირი სწორი მექანიზმი არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება თავად მიიღო, რის შედეგადაც ციხეში აღმოჩნდა
სანდრო რაქვიაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების არანაირი სწორი მექანიზმი არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება თავად მიიღო, რის შედეგადაც ციხეში აღმოჩნდა

 

გუშინ, პარლამენტში, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იდეა გახმოვანდა, რომ კანონმდებლობაში რაღაც შეიცვალოს, ეს მოვარგოთ მიხეილ სააკაშვილს და ციხიდან რაღაცნაირად გამოვუშვათ. არ მესმის, ეს რა ლოგიკაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პრობლემა პოლიტიკური გზებით უნდა მოგვარდეს, მაგრამ კანონმდებლობის ცვლილება, მით უმეტეს, იმიტომ, რომ ეს რამდენიმე ევროპარლამენტარმა ითხოვა, ძალიან ალოგიკური იქნება.

„მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების არანაირი სწორი მექანიზმი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ის გადაწყვეტილება თავად მიიღო, რის შედეგადაც ციხეში აღმოჩნდა. ალბათ, იქამდე რომც მივიდეთ, სასამართლო რეფორმა ჩატარდეს და ა.შ. ალბათ, ციხეში უნდა იყოს, თუ მანამდე სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაგალითად, ექსტრადირება ან რაღაც ამდაგვარი. გუშინ, პარლამენტში, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იდეა გახმოვანდა, რომ კანონმდებლობაში რაღაც შეიცვალოს, ეს მოვარგოთ მიხეილ სააკაშვილს და ციხიდან რაღაცნაირად გამოვუშვათ. არ მესმის, ეს რა ლოგიკაა? იმედია, როდესმე სასამართლო იქნება და ამ საქმეებსაც გადავხედავთ, მაგრამ იმიტომ რომ პრეზიდენტია, არავინ ამბობს, რომ სპეციფიკური პირობები უნდა შევუქმნათ, სპეციფიკური პირობები და განსაკუთრებული ყურადღება ისედაც აქვს. პოლიტიკური პრობლემა პოლიტიკური გზებით უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ კანონმდებლობის ცვლილება, მით უმეტეს, იმიტომ, რომ ეს რამდენიმე ევროპარლამენტარმა გვთხოვა, ძალიან ალოგიკური იქნება და გამიკვირდება, რომ სერიოზულად იყოს განხილული.

ევროპარლამენტში 705 დეპუტატია, მათ შორის შეიძლება ვიპოვოთ ნებისმიერი პოზიცია და ამის უფლება აქვთ. საერთოდ, ევროპარლამენტში არის ხალხი, ვინც მხარს რუსეთს უჭერს და ოკუპაციასაც კი გაამართლებენ. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ადამიანებს აქვთ პოზიცია, რომ უნდათ, ეს პრობლემა რაღაცნაირად მოგვარდეს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, თუ გვინდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, როგორ შეიძლება კანონები ვცვალოთ იმის გამო, რომ პოლიტიკური პრობლემა გვაქვს? – ეს პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას და იურიდიული გზები ხელოვნურად რომ ვიპოვოთ, ეს არასერიოზულია. რაც მთავარია, რეალობას გავურბივართ, რადგან იმის ნაცვლად, რომ ვაღიაროთ, პოლიტიკური პრობლემა გვაქვს და საზოგადოებაში რაღაც კონფლიქტია, ვცდილობთ, ტექნიკური გზა ვიპოვოთ, რაღაცნაირად ეს პრობლემა მოვაგვაროთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.