სანდრო რაქვიაშვილი - მერობის შემთხვევაში გაერთიანება არის შეცდომა, უნდა იყოს ბევრი კანდიდატი, რომ გამარჯვების შანსი გაჩნდეს
სანდრო რაქვიაშვილი - მერობის შემთხვევაში გაერთიანება არის შეცდომა, უნდა იყოს ბევრი კანდიდატი, რომ გამარჯვების შანსი გაჩნდეს

თავიდანვე ვამბობდით, რომ მერობის შემთხვევაში გაერთიანება არის შეცდომა, პირიქით, ოპოზიცია უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა იყოს ბევრი კანდიდატი, რომ შეძლებისდაგვარად სიტუაცია გადავიდეს მეორე ტურში და შანსი გაჩნდეს გამარჯვების, თუ ზოგადად „ქართული ოცნება“ დამარცხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კონკურენტად ერთი კანდიდატი თუ იქნება, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„ერთი კანდიდატი თუ იქნება, როგორც თბილისში ნიკა მელიაა მთავარი კონკურენტი კახა კალაძის, ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. მგონია, ეს არ შედის არც ერთი ოპოზიციური პარტიის ინტერესში. როგორც ვიცი, ოპოზიციას არც ერთ ქალაქში არ ჰყავს ისეთი კანდიდატი, რომელიც დამაჯერებლად პირველივე ტურში მოიგებდა. მოგება შეიძლება მაშინ გახდეს რეალისტური, როცა მეორე ტურში გადადის სიტუაცია და იქ უკვე, თუ ზოგადად ცუდი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ერთობლივი ძალებით ოპოზიციამ მოიპოვოს გამარჯვება. მაშინ ექნება აზრი გაერთიანებას, თორემ საწყის ეტაპზე, როცა ჩვენი პოლიტიკისთვის ჩვეული სურათი დადგება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს უპირისპირდება, მხოლოდ ამ ორ ძალას შორის არის არჩევანი, ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს. ამიტომ არ მივიჩნევ, რომ მერობის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.