სანდრო რაქვიაშვილი - მენეჯერული კუთხით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი პრობლემებია და მარტივ გეგმასაც კი ვერ ასრულებენ
სანდრო რაქვიაშვილი - მენეჯერული კუთხით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი პრობლემებია და მარტივ გეგმასაც კი ვერ ასრულებენ

არ მესმის, რატომ გადაიყვანეს მიშა გლდანის ციხეში. შეიძლება, უსაფრთხოების რისკები არსებობდა, მაგრამ თუნდაც დღევანდელ და გუშინდელ მიტინგებს რომ დავაკვირდეთ, საკმარისია მოიყვანო 100-200 პოლიციელი და უსაფრთხოების რისკები მოხსნილი იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რატომ მოხდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის ამბის პოლიტიზირება.

„გადაებარებინა „ქართულ ოცნებას“ ეს კონსილიუმისთვის, რასაც ჩაწერდა კონსილიუმი, იქით გადაეყვანათ. უბრალოდ შეიძლება, საავადმყოფოს უფრო პრობლემები შეექმნებოდა პაციენტების კუთხით და ეს საავადმყოფოს გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ პოლიტიკური პრობლემა არ შეიქმნებოდა. ისე გამოვიდა, რომ კვირებია, ვლაპარაკობთ, რომელ საავადმყოფოში გადავიდეს მიხეილ სააკაშვილი, იმის მაგივრად, რომ ვილაპარაკოთ ბიუჯეტზე, ინფლაციაზე, უამრავ სხვა პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, სასამართლოს ნდობა არ გააჩნია, რომ ასეთი მასშტაბის საქმე გადაჭრას.

„სხვანაირად რომ იყოს, ეს დაპირისპირება არ იქნებოდა. არავინ დაიწყებდა მიტინგების მოწყობას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის მიზნით. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას და „ქართული ოცნება“ პირიქით მოიქცევა. ამიტომ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ რაღაც საქმეების იურიდიული კუთხით შეფასებას შედეგი ჰქონდეს“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მენეჯერული კუთხით არსებობს პრობლემები და აღნიშნა, რომ მარტივ გეგმასაც ვერ ასრულებენ.

„ჩვენი წარსული კომუნიკაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ დღევანდელ სატელიტებთან იმით გამოირჩეოდა, რომ ვეკითხებოდით, რა არის გეგმა და არ ჰქონდათ ამაზე პასუხი. რაც საქმიანი ურთიერთობები შევაჩერეთ, მაინც ერთი და იგივე პრობლემა იყო, რომ სულ გამოდიოდნენ რაღაც მოწოდებებით, დაპირებებით, არანაირი გეგმა არ ჩანდა. ის გამოთქმული გეგმაც კი არ სრულდებოდა. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გეგმა იყო მთავრობის შენობის ბლოკირება, რომელიც იმდღესვე არ შესრულდა. მივიჩნევ, რომ მენეჯერული კუთხით დიდი პრობლემებია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მარტივ გეგმასაც კი ვერ ასრულებენ. უბრალოდ არ ვიცი, რას ეყრდნობა ნიკა გვარამია, როცა ასეთ პროგნოზებს აკეთებს. მეტიც, მე ვიცი, რომ თუ „ქართული ოცნების“ დამარცხება გვინდა, სულ მცირე გულწრფელები უნდა ვიყოთ და ტყუილებზე არ უნდა ავაწყოთ ჩვენი ქმედებები. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სულ რამდენიმე დღის წინ და არაერთხელ იყო ასეთი განცხადება, რომ საათების ამბავია და კრიტიკული მდგომარეობაა, ადამიანი ვერ დადის. თავად ნიკა გვარამიას განცხადებებიდანაც გამომდინარე, იმდენი ტყუილი იყო ნათქვამი, რომ უბრალოდ არ მჯერა, რომ ტყუილებით შეიძლება დავამარცხოთ „ოცნება“. მაგრამ თუ ისე გამოვიდა, რომ ტყუილებით დავამარცხეთ, საერთოდ ტრაგიკულ სიტუაციაში ვართ. გამოვა, რომ იმდენად ცუდი მომავალი გვაქვს, სულ ტყუილში ვიცხოვრებთ და პოლიტიკურ სპექტაკლში გავატარებთ დროს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

​ამასთან, რაქვიაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ ჩამოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. კერძოდ, პარტია „გირჩის“ წევრის თქმით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ახსნის მათ მიერ ორგანიზებული აქციების იდეას, ვერ შეუერთდება მათ.

„ბევრ აქციაზე ვყოფილვარ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულზე, მაგრამ აქციაზე დავდივარ იდეის გამო. თუ იდეას ვეთანხმები, წავალ, თუ არადა – არა. არ მესმის იდეა, რომლის გამოც, ეს აქციები იმართება, არც ვადამდელი არჩევნების, არც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, სულ მცირე იმიტომ, რომ გაუგებარია, რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რადგან ციხეში რომ აღმოჩნდებოდა, ხომ გასაგები იყო. თუ ეს მისი არჩევანი იყო, რას ვაპროტესტებთ, თუ მისი არჩევანი არ იყო, რა გეგმა იყო. ვიდრე ამას არ ახსნის „ნაციონალური მოძრაობა“, ვერ შევუერთდები ამ მოთხოვნას. არ მჯერა, რომ ასეთი უიდეო ოპოზიციის მხრიდან მოხდეს რევოლუცია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.