სანდრო რაქვიაშვილი - ხვალ გამოჩნდება, შედგება თუ არა შეთანხმება
სანდრო რაქვიაშვილი - ხვალ გამოჩნდება, შედგება თუ არა შეთანხმება

ხვალ გამოჩნდება, შედგება თუ არა შეთანხმება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე დაახლოვდა პოზიციები.

„მნიშვნელოვანი დღე იყო. როგორც ვიცი, რამდენიმე საკითხზე დაახლოვდა მხარეების პოზიციები. იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთულად მიდის მოლაპარაკება, დღევანდელი დღე საბოლოო ჯამში დათმობილი იყო უფრო მარტივ საკითხებზე, სადაც პოზიციებში ძალიან დიდი განსხვავება არ იყო. ყველაზე მტკივნეული საკითხი შემოტოვებულია ხვალისთვის. ხვალ კიდევ უფრო რთული დღე გველის. პრინციპში, ხვალ გამოჩნდება, შედგება შეთანხმება თუ არა. შეიძლება, ჩვენ დაგვჭირდეს კიდევ ერთი დღე ტექნიკური დეტალებისთვის, რომ შეთანხმება მომზადდეს, მაგრამ ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი.

ჩვენი მიზანია, რომ დოკუმენტი, რომელიც იქნება საბოლოოდ შემუშავებული, უნდა ნიშნავდეს მხარეების შერიგებას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომ არავის ეშინოდეს არც სასამართლოსი, არც ვადამდელი არჩევნების და ა.შ კონკრეტული პუნქტები ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან უკვე გასაგებია, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ვერც ერთი მხარე ვერ იქნება კმაყოფილი იმ გაგებით, რადგან ვერ გამოაცხადებს, რომ სრულად გაიმარჯვა მეორე მხარეზე. ყველა მხარე ამ მომენტში დათმობს რაღაც პოზიციებს, ვინ რას დათმობს და როგორ დავინახავთ ერთ ორ დღეში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, „გირჩისთვის“ ხელახალი არჩევნები არც არასდროს იყო პრინციპული, თუმცა „კარგი იქნება, თუ ასეთი არჩევნები ჩატარდება“.

„კარგი იქნება, თუ ასეთი არჩევნები ჩატარდება. თუ გვექნება შესაძლებლობა, დავუჭერთ ამ ინიციატივას მხარს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემო იყოს, სადაც პოლიტიკური საქმიანობა არ იქნება საშიში.

რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს ბრიუსელში, ჩვენს ქვეყანაში, შიგნით, იყო განსხვავებული აღქმა და მოლოდინები. რთულია, მოვიშოროთ ეს ელფერი, რაც ამ ვიზიტს ახლდა. მივიჩნევ, რომ ზოგადი განცხადებები არ გვაძლევს ზუსტ შთაბეჭდილებას, თუ რა მოხდა იქ, რაზე იყო ზუსტად საუბარი, რაზე შეთანხმდნენ. ალბათ, გავა რამდენიმე კვირა და ვნახავთ, ზუსტად რაზე ილაპარაკეს. თუმცა, რაც არ ეხება პოლიტიკურ ნაწილს და რაც ეხება ჩვენს თანამშრომლობას ნატო-სა და ევროკავშირთან, ეს განცხადებები იყო საკმაოდ პოზიტიური და ამ მხრივ, იმედია, არაფერი გაფუჭდა და წინსვლა გვექნება ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.