სანდრო რაქვიაშვილი - იმედი მაქვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს არ მიიღებენ, ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს
სანდრო რაქვიაშვილი - იმედი მაქვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს არ მიიღებენ, ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს

გამორიცხულია, რომ ჩვენ რომელიმე კანონპროექტს მხარი დავუჭიროთ,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა.

„ეს რაღაც აქტივობა არანაირ პრობლემას არ მოაგვარებს, არ იარსებებს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ვისი ცხოვრებაც ამის გამო გაუმჯობესდება. ეს გამჭვირვალობა უბრალოდ სიტყვების თამაშია, რადგან გამჭვირვალობა კარგი სიტყვაა და ვინ იქნება გამჭვირვალობის წინააღმდეგი.

შინაარსობრივად ეს არაფერ შუაში არ არის გამჭვირვალობასთან. ეს არის მცდელობა, არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლი დაამყარონ, ამ შემთხვევაში ფინანსური მეთოდით. ცუდია გაუგებარი სიტყვებით თამაში, რომლის უკანაც უბრალოდ ტყუილი დგას. ამერიკის კანონმდებლობა არაფერ შუაშია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეს არის ლობიზმის კონტროლის კანონი. ლობიზმი ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია, ამიტომ ამავე წარმატებით შეიძლება ნებისმიერი სხვა კანონი გადმოვაკოპიროთ ამერიკიდან და ვთქვათ, რომ გამჭვირვალობისთვის ვაკეთებთ, მაგრამ შინაარსი ამას არ ექნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება სრულიად დამაზიანებელია, რომელიც ქვეყანას გაუფუჭებს ურთიერთობას მეგობრებთან.

„ისეთი კანონპროექტია, რომელსაც არანაირი სარგებელი არ ექნება. რაც მთვარია, ამ დისკუსიებში, ჩხუბში ხდება მართლა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა. „ქართულმა ოცნებამ”, შესაძლოა, ნებისმიერი სისულელეც გააკეთოს, ამას ვერ გააჩერებ, ამის უფლება აქვთ. საკითხი არის, რა ფასს გადავიხდით და რა ფასს გადავახდევინებთ ,,ქართულ ოცნებას”. თუ უნდათ გამკაცრებული მიიღონ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს პოლიტიკური ფასი ექნება. თუ ადეკვატურად მოიქცევიან და ამერიკის საელჩოს და ევროპელ დიპლომატებს დაუჯერებენ და არ მიიღებენ, კარგია, თუ მიიღებენ, ძალიან დავზარალდებით და კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა გამოფხიზლდეს და დაინახოს, რა მავნებელი მთავრობა გვყავს და აღარ დაუჭიროს მხარი. წინასწარ მოხდება მათი გაგდება თუ არჩევნებზე, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მგონი, ეს დააჩქარებს „ოცნების“ წასვლას.

მგონი, პრობლემა ისაა, რომ „ხალხის ძალა” ძალიან ვიწრო პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და მთავარი პრობლემა ესაა და ვის რა აქვს წაკითხული, გამოჩნდება, როცა კომიტეტზე ამ კანონპროექტის განხილვა დაიწყება. ბოლო განცხადებები ევროპელი დიპლომატების მხრიდან ისეთია, რომ „ქართული ოცნება” თუ ასე უბრალოდ ადგება და ამ კანონს მიიღებს, ჩათვალეთ, რომ „ოცნება” თავისივე დაწერილ კონსტიტუციას არღვევს და ევროინტეგრაციას შეგნებულად უშლის ხელს. მხოლოდ იმის იმედად შეიძლება ვიყოთ, რომ „ოცნებაში” ოდნავ ადეკვატური ადამიანები არსებობენ და რამე სიტყვა ეთქმით. 25 000 ლარი იქნება ჯარიმა თუ ხუთწლიანი პატიმრობა, შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვა გინდა, შეგიძლია 100-ჯერ გამოუწერო 25 000 ჯარიმა და რუსეთში ეს გააკეთეს, ასე დახურეს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. რა სასჯელი იქნება ამ კანონპროექტში ჩაწერილი, „ქართული ოცნების” არაადეკვატურობის ხარისხს ასახავს. თუ, ვთქვათ, მთლად გადაირევიან, შეიძლება სამუდამო პატიმრობა ჩაწერონ. იმედი მაქვს, ამ კანონს არ მიიღებენ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.