სანდრო რაქვიაშვილი - იმედი მაქვს, დავისვენებთ, შევჭამთ საცივს და დავფიქრდებით, რომ მართლა დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ყველას მოგვიწევს რაღაცები დავთმოთ
სანდრო რაქვიაშვილი - იმედი მაქვს, დავისვენებთ, შევჭამთ საცივს და დავფიქრდებით, რომ მართლა დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ყველას მოგვიწევს რაღაცები დავთმოთ

არ მგონია,  „ისფედის“ გამო რამე შეიცვალოს, თუმცა რაც დრო გადის, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხედავს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენა, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

რაქვიაშვილის თქმით, „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგები არ ყოფილა მთავარი არგუმენტი არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას.

ისფედის“ დასკვნა არ იყო ჩვენთვის მთავარი არგუმენტი. ზოგადად „ისფედის“ ეს დათვლები, რომელიც აღმოჩნდა, არასწორად იყო განხორციელებული, პრინციპულად ვერ შეცვლიდა ოქმებს, რომლებიც ცესკო-ს მიერ იყო შედგენილი. პრობლემა იყო ის, რომ ორი კვირა იცოდნენ და არ გვითხრეს. ადრე რომ ეთქვათ, საერთოდ პრობლემა არ გაჩნდებოდა. ამიტომ, არ მგონია, რამე შეიცვალოს „ისფედის“ გამო, თუმცა რაც დრო გადის, ორივე მხარე ხედავს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს პროცესს, როგორც „გირჩის“ წევრი ამბობს, საჭიროა, მოლაპარაკებების მხარეები დათმობაზე წავიდნენ.

იმედი მაქვს, რომ გავა ერთი კვირა, ორი კვირა, დავისვენებთ, შევჭამთ საცივს და მერე დავფიქრდებით, რომ მართლა დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ბევრი ოპოზიციონერი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ რაღაც გართობაა. ზოგი ხუმრობს, მე კი მიმაჩნია, რომ ასე შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მივიღოთ, რომელიც ყველას დაგვაზიანებს. ამიტომ, როგორც კი, ამას დავინახავთ, მგონი, სხვა ემოციით მივუდგებით მოლაპარაკებებს და მარტივად ვიპოვით კომპრომისს.

ზოგადად, მოლაპარაკების იდეა იმაშია, რომ ორივე მხარემ უნდა დათმოს. თუ ერთი მხარე ამბობს, რომ არაფერს არ დათმობს, მაშინ ის არ იღებს მონაწილეობას და მისი მიზანია, რომ ჩაიშალოს მოლაპარაკებები. ამიტომ, ყველას მოგვიწევს რაღაცები დავთმოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.