სანდრო რაქვიაშვილი - გაჩნდება ახალი პარტიები და პირველი პრეტენდენტი ალბათ „ენჯეოშნიკები“ იქნებიან, გახსოვთ წინა წელს მინისტრების პოზიციებს ინაწილებდნენ და ამბიცია აშკარად აქვთ
სანდრო რაქვიაშვილი - გაჩნდება ახალი პარტიები და პირველი პრეტენდენტი ალბათ „ენჯეოშნიკები“ იქნებიან, გახსოვთ წინა წელს მინისტრების პოზიციებს ინაწილებდნენ და ამბიცია აშკარად აქვთ

ალბათ წლის განმავლობაში გაჩნდება ახალი პარტიები, მაგალითად, „ენჯეოშნიკების“ პარტია, რომელიც ეცდება, თავისი ადგილი დაიკავოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„წინა წელს, თუ გახსოვთ, მინისტრების პოზიციებს ინაწილებდნენ და ამიტომ ამბიცია აშკარად აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ჭორი დადის, რომ გაჩნდება ახალი პარტიები და პირველი პრეტენდენტი ალბათ „ენჯეოშნიკები“ იქნებიან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – რამდენადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისთვის გამარჯვების გზა გაერთიანებაზე გადის, „გირჩი“ რატომ ამბობს უარს ლევან ხაბეიშვილის ამ ინიციატივაზე? – სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ამბიციები ბევრს აქვს და იმის მიხედვით, ვინ საიდან ფინანსდება და ასე შემდეგ, შესაძლოა, საზოგადოებამ სხვადასხვა კოალიცია იხილოს, მაგრამ „გირჩისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იდეების ირგვლივ გაერთიანებას.

„ახლა რაც ხდება, მე მგონი, უფრო დაფინანსების ნაწილს ეხება, საერთო დაფინანსების წყაროებს ან ამ წყაროების გაერთიანებას, რომ უფრო მდგრადად იყვნენ ფინანსურად; ეს ამის შედეგი უფროა, ვიდრე რაღაც სხვა. წარმოიდგინეთ, ვისთან შეიძლება, „გირჩი“ გაერთიანდეს? ალბათ, ის ადამიანები უნდა იყვნენ, ვისაც მსგავსი იდეები და პოზიციები აქვთ. რაღაც მიზნის მისაღწევად ტექნიკური გაერთიანებები ყოველთვის ტოვებს არაგულწრფელობის ელფერს. მაგალითად, ვიდრე რაღაც გაერთიანება მოხდება, ალბათ ეს ხალხი უნდა ისხდეს, ლაპარაკობდეს და ხედავდეს, რა აქვთ საერთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, „გირჩი“ მკაფიოდ იდეოლოგიური პარტიაა და არ ფიქრობს, რომ შესაძლოა, „გირჩმა“ ამ ვითარებაში ვინმესთან კოალიცია შექმნას.

„პრინციპში, ერთადერთი პარტია ვართ საქართველოში, რომელსაც მკაფიო იდეოლოგია აქვს. შეუძლებელია, უბრალოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ შეიძლება, ჩათვალოს, რომ ტექნიკურად ასე მომგებიანია, გადავდგათ ნაბიჯი და ვთქვათ – კარგი, პრივატიზაცია არ გვინდა, დავთმოთ და მოდით, დავიწყოთ რაღაც კოალიციის შექმნა. ვიღაცასთან კოალიციის შექმნა თეორიულად რომ დავუშვა, ხომ უნდა ვიცოდე, ამ ადამიანებს რა უნდათ? ამიტომ მე მჭირდება სივრცე, სადაც ეს ხალხი ლაპარაკობს, თავის პოზიციას იცავს და მე რომ აღმოვაჩინო, რომ ვიღაცასთან კოალიცია მინდა, ჩემი ამომრჩეველი უნდა იყოს ამისთვის მზად, მასაც უნდა ესმოდეს, ეს კონკრეტული პოლიტიკოსი რას ფიქრობს. აი, ეს სივრცე არ გვაქვს და ამიტომ არ მჯერა, რომ ჩვენ შეიძლება, ვინმესთან კოალიცია შევქმნათ ამ სიტუაციაში. არ მჯერა, რომ ასეთი მექანიკური კოალიციები, როცა ვიღაც ვიღაცასთან გაერთიანდა სახელების დონეზე, რამე ეფექტს მოიტანს. შეიძლება, მათ მეტი ბიუჯეტი ჰქონდეთ, მაგრამ არა მეტი ხმა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, რითი არის განპირობებული „გირჩის“ პროცენტული მაჩვენებელი IRI-ის კვლევაში, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ისეთი კვლევა არ არის, რომ, ცალსახად, რაც იქ წერია, ჭეშმარიტებად იქნას მიღებული.

„თუ ყოველ წელიწადს 2 პროცენტს მოვიმატებთ, კი ბატონო, მე მაწყობს, მაგრამ, მეორე მხრივ, მე მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ მონაცემებს. როგორც ტრენდის შეფასებისთვის შეიძლება, არ იყოს ურიგო, როგორც ნებისმიერი სხვა კვლევა, მაგრამ ასე პირდაპირ რაღაც დასკვნების გამოტანას მე მაინც მოვერიდებოდი, რადგან არ მგონია, ეს ისეთი კვლევაა, რომ ცალსახად, რაც იქ წერია, ავიღოთ, როგორც ჭეშმარიტება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.