სანდრო რაქვიაშვილი - ჩიხში ვიმყოფებით, შეუძლებელია ასეთ რეჟიმში გაგრძელება, ის პარტიები, რომლებიც ძველ ტაქტიკას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამომრჩევლის თვალში
სანდრო რაქვიაშვილი - ჩიხში ვიმყოფებით, შეუძლებელია ასეთ რეჟიმში გაგრძელება, ის პარტიები, რომლებიც ძველ ტაქტიკას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამომრჩევლის თვალში

ზოგადად, შედეგები არ არის განსაკუთრებულად მოულოდნელი. არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის პოლიტიზირება მცირდება, პარტიების რეიტინგები უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე უშუალოდ არჩევნებზე მიღებული შედეგი, ეს ნორმალური მოვლენაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „IRI-ის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის პარტიები, რომლებიც ძველ გზას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

„„ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული ოცნების“ შედეგები, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო რეიტინგებში, არჩევნების შედეგებს ჰგავს. პატარა პარტიებზე რთულია პროგნოზირება, იმიტომ რომ ძალიან დაბალი შედეგებია და ცდომილების ფარგლებშია თითქმის ყველა. „გირჩის“ შედეგებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თებერვალში ჯერ კიდევ არც იყო მეორე „გირჩი“ ჩამოყალიბებული და ამ შემთხვევაში, ჩემთვის უცნობია მეთოდოლოგია, როგორი იყო გამოკითხვის დროს გაყოფილი ორი „გირჩი“, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თებერვლის მონაცემებით, ახალ „გირჩს“ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონოდა, იმიტომ რომ ზურა იყო ყველაზე ცნობილი ჩვენი პოლიტიკოსი და იმ მომენტისთვის ბუნებრივად უფრო მაღალი რეიტინგი ექნებოდა, მაგრამ ეს დროის მომენტია. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი დრო გავა პირიქით იქნება სიტუაცია.

ოპოზიციის ბოიკოტი რომ დიდწილად დამანგრეველი იყო, დესტრუქციული იყო, ზოგადად, გასაგებია, რაღაცნაირად ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც პარტიები მიმართავენ ნორმალურ მდგომარეობაში. შეიძლება გამოცხადების დღეს უფრო მეტი საფუძველი გვქონდა, მათ შორის ჩვენ, მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე ცხადია, რომ ეს პროცესი დასასრულებელია და ფაქტობრივად, ჩიხში ვიმყოფებით.​ იმედია მალე დასრულდება. მგონი, უკვე მაქსიმუმ რამდენიმე კვირის საკითხია, როცა ეს ისტორია უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია ასეთ რეჟიმში გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, რომ იგივე რეჟიმში ვიყოთ, იგივე სიტყვები ვილაპარაკოთ, იგივე ლოზუნგები და არაფერი შევცვალოთ. ადრე თუ გვიან, ის პარტიები, რომლებიც ძველ ტაქტიკას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ჩვენი ამომრჩევლის თვალში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.