სანდრო რაქვიაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ოპოზიცია უნდა იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ რა ფორმატით, ეს დამოკიდებულია არამარტო „ქართულ ოცნებაზე“, არამედ თავად ოპოზიციაზეც
სანდრო რაქვიაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ოპოზიცია უნდა იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ რა ფორმატით, ეს დამოკიდებულია არამარტო „ქართულ ოცნებაზე“, არამედ თავად ოპოზიციაზეც

სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს, მაინც არ მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მართლა დავსხდებით და ამას გავაკეთებთ, მაგრამ მცდელობა ბუნებრივია, უნდა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.​

რაქვიაშვილის თქმით, აღნიშნული პუნქტები პარლამენტის შესასრულებელია და ცხადია, პროცესში ოპოზიციაც უნდა იღებდეს მონაწილეობას.

„თავისთავად ცხადია, რომ ეს პუნქტები არის პარლამენტის შესასრულებელი და ზოგადად, პარლამენტზეა პასუხისმგებლობა, თუ როგორ შესრულდება და შესრულდება თუ არა. ცხადია ისიც, რომ ოპოზიცია ამაში უნდა იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ რა ფორმატით და როგორ, მგონი, ეს არამარტო „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, არამედ თვითონ ოპოზიციაზეც. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები და ალბათ კიდევ გვექნება ახლო მომავალში.

გასაგებია, ერთია იმუშაო კანონზე და მეორეა, მაგალითად დეპოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ჩემი აზრით. მაინტერესებს კიდეც, დავაკვირდე, რას გააკეთებს ეს ჯგუფი, მივიდე და ვნახო, მაგრამ მართალი გითხრათ არამგონია, რომ ეს რაიმე კავშირშია დეპოლარიზაციასთან, რადგან სულ სხვა პრობლემაა და ჩვენ მონიტორინგის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ, არის რაღაცები, რაზეც ყველა ვარიანტში უნდა ვიმუშაოთ და ყველა ვარიანტში თუნდაც ალტერნატიული კანონპროექტები და ალტერნატიული ხედვები წარმოვადგინოთ, ამაზე დისკუსია პარლამენტში უნდა ხდებოდეს, მაგრამ როგორი ფორმა ექნება, ეს ჯერ არ ვიცი.

ცხადია, რომ ჩვენც უნდა ვიმუშაოთ და ცხადია, უნდა ვიმუშაოთ რაღაცნაირად ერთად, თუ გვინდა მართლა შევასრულოთ. უბრალოდ, იმდენად სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ „ქართული ოცნება“ შეასრულებს ამ პუნქტებს, მაინც არ მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ახლა მართლა დავსხდებით და ამას გავაკეთებთ, მაგრამ მცდელობა ბუნებრივია, უნდა იყოს. ამიტომ, ჯერ დაველაპარაკები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ოპოზიციიდან კოლეგებს და მერე უკვე ჩამოვყალიბდებით, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა გუშინ წარადგინა.