სანდრო რაქვიაშვილი - დიდი ხანია, არ მესმის, „ლელო“ რას აკეთებს, ამბობდნენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო, მაგრამ მიტინგზე არ მივიდნენ, ახლა ამბობენ, დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდესო
სანდრო რაქვიაშვილი - დიდი ხანია, არ მესმის, „ლელო“ რას აკეთებს, ამბობდნენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო, მაგრამ მიტინგზე არ მივიდნენ, ახლა ამბობენ, დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდესო

დიდი ხანია, საერთოდ არ მესმის, „ლელო“ რას აკეთებს, რადგან ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ მიტინგზე არ მივიდნენ, შემდეგ, რამდენიმე დღეში კოალიცია შექმნეს და ახლა ამბობენ, სააკაშვილი დამნაშავე არის და ციხეში უნდა იჯდესო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ზოგადად, „ლელო“ უცნაური პოზიციებით გამოირჩევა.

„ოპოზიციის მიერ შექმნილი კოალიცია ბევრ კითხვას აჩენს, რადგან ეს არ არის იდეებისა და მიზნების ირგვლივ გაერთიანება, ეს არის გაერთიანება, რომ სხვადასხვა ადამიანმა, სხვადასხვა ხედვითა და მიზნებით ძალაუფლება მოიპოვონ. გასაგებია, „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის იბრძვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს და მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე გამოდის, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს, ის დამნაშავეა და სასჯელს იხდის. არ ვიცი, ეს ყველაფერი შიგნით როგორ უნდა შეათანხმონ. არ არის ცხადი იდეა, თუ რა მოხდება მას შემდეგ, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში თუ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ იმის ძახილით, „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია. მოგვიანებით კი, მამუკა ხაზარაძემ განმარტა – „კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და განვმარტო, ვინც ვერ გაიგო, ვისაც ასე უნდოდა წაკითხვა. დაშინება იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა სააკაშვილი ჩამოვა და ქვეყანა აირევა, ამის საპასუხოდ ვუთხარი, რომ იგი არის ციხეში. ამიტომ ეს დაშინება აღარ მუშაობს ხალხზე. მე ეს ვთქვი. ხაზი უნდა გაესვას, რას ვლაპარაკობ და როგორ ვსაუბრობ“.

დატოვე კომენტარი