სანდრო რაქვიაშვილი - დავინახეთ, რამდენად არ უნდა ვენდოთ ენჯეოსექტორს, სახალხო დამცველობის კანდიდატთა შეფასებები აცდენილი იყო საღ აზრს, რითაც დამატებითი არგუმენტი მივიღეთ, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი იაგო ხვიჩიას
სანდრო რაქვიაშვილი - დავინახეთ, რამდენად არ უნდა ვენდოთ ენჯეოსექტორს, სახალხო დამცველობის კანდიდატთა შეფასებები აცდენილი იყო საღ აზრს, რითაც დამატებითი არგუმენტი მივიღეთ, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი იაგო ხვიჩიას

„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა შეფასების სისტემა. მისმა რეალიზაციამ გვაჩვენა, რამდენად სისულელე გამოდის მცდელობა, რომ ერთმა ენჯეოსექტორის წარმომადგენელმა შეაფასოს მეორე ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი ან სხვა კანდიდატი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეფასების სისტემის შესახებ თავიდანვე გასაგები იყო, რომ „სისულელე და პოლიტიკური აქტია“.

„მომეწონა შეფასების სისტემის ფაქტობრივი რეალიზაცია, რადგან თავიდანვე გასაგები იყო, რომ შეფასების ეს სისტემა სისულელეა და არის პოლიტიკური აქტი. ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ კანდიდატზე, რომელსაც წარვადგენთ. არანაირი ქულების დაწერა ამას არც შეცვლის, არც გამოასწორებს, არც დაეხმარება, მაგრამ რადგან არსებობდა იდეა – რაღაც კანდიდატები შევაფასოთ და ეს არ იყოს პოლიტიზებული და ბრჭყალებში, იყოს ობიექტური, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა შეფასების ეს სისტემა. მისმა რეალიზაციამ გვაჩვენა, რამდენად სისულელე გამოდის ეს კონკრეტული მცდელობა, რომ ერთმა ენჯეოსექტორის წარმომადგენელმა მეორე ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი ან სხვა კანდიდატი შეაფასოს.

ჩვენ ნათლად დავინახეთ, რამდენად არ უნდა ვენდოთ ამ საკითხში ენჯეოსექტორს, რომელმაც კანდიდატებიც უცნაურად წარმოადგინა და შემდეგ კანდიდატების შესახებ ენჯეოსექტორების შეფასებები, მათ შორის ჩვენი კანდიდატის, იმდენად აცდენილი იყო ყველანაირ საღ აზრს, რომ  კიდევ ერთი, დამატებითი არგუმენტი მივიღეთ, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი იაგო ხვიჩიას უმრავლესობამ და ოპოზიციამ. იაგო ხვიჩიას კონკრეტული პოლიტიკური პოზიცია, პოლიტიკური მიზანი აქვს და გასაგებია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მოქალაქეებისთვის, რომ პირველ რიგში, პრიორიტეტის სახით უნდა ვიზრუნოთ ხალხზე, ვისაც სისტემასთან აქვს პრობლემა, იქნება ეს პატიმრები, თუ ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობაში შეზღუდული უფლებები“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.