სანდრო რაქვიაშვილი - დაკავებულებმა უნდა დატოვონ ციხე, რაც იქნება მინიშნება, რომ კანონებსაც გამოიწვევენ, ეს არ იქნება „ქართული ოცნების“ უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნება უფსკრულში არგადადგმული ნაბიჯი
სანდრო რაქვიაშვილი - დაკავებულებმა უნდა დატოვონ ციხე, რაც იქნება მინიშნება, რომ კანონებსაც გამოიწვევენ, ეს არ იქნება „ქართული ოცნების“ უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნება უფსკრულში არგადადგმული ნაბიჯი

შემდეგი კენჭისყრა სანამ ჩატარდება და ეს კანონი საბოლოოდ იქნება ჩაგდებული, მანამდე ის ხალხი უნდა გამოვიდეს ციხიდან, ვინც დაჭერილია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ცხადია, ყველაფერი შეიძლება, იყოს ამ მომენტისთვის, მაგრამ, მით უმეტეს, როცა ხალხი ჯერ კიდევ დაჭერილია, ისინი თუ არ განთავისუფლდნენ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უკან არ დახეულა, ამიტომ, ზოგადად, კიდევ ბევრი საქმე გვაქვს წინ. ეს პროცესის დასაწყისია და, უბრალოდ, იმ ახალგაზრდების გულწრფელმა ემოციებმა მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებაა. ხოლო რამდენად უშუალოდ კანონებს გამოიწვევენ, კანონის გამოწვევა მარტივია, არაფერი არ უნდა იქ პროცედურულად. მეორე კენჭისყრა დასჭირდება სავარაუდოდ და ეს შემდეგ კვირას გამოჩნდება. ანუ შემდეგ კვირას კომიტეტი ჩატარდება, თუ წინააღმდეგ მისცემენ ხმას და ა.შ., გამოჩნდება, რომ გამოიწვიეს. ამიტომ რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მათ შორის, არ არის გამორიცხული, ეს იმიტომაა გაკეთებული, რომ მუხტი ჩავარდეს და რაღაცნაირად ხალხი დამშვიდდეს, ვითომ მიზანი მიღწეულია და ამით დასრულდეს ეს პროტესტი. მაგრამ, ცხადია, ასე არ არის და სანამ შემდეგი კენჭისყრა ჩატარდება და ეს კანონი საბოლოოდ იქნება ჩაგდებული, მანამდე ეს ხალხი უნდა გამოვიდეს ციხიდან, ვინც დაჭერილია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, ჯერ არაფერია დამთავრებული და, მინიმუმ, ხალხი გამოსაშვებია ციხიდან.

„უამრავი ადამიანია დაჭერილი. გუშინწინაც დაიჭირეს, გუშინაც და ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ ციხე და ეს იქნება, მათ შორის, კიდევ ერთი მინიშნება, რომ ამ კანონებსაც გამოიწვევენ და ეს პრობლემა ამა თუ იმ ფორმოთ მოგვარდა. ოღონდ ეს არ იქნება „ქართული ოცნების“ უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს იქნება უფსკრულში არგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ, ზოგადად, ამ უფსკრულთან მაინც ვართ და ეს არის გასათვალისწინებელი“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.