სანდრო რაქვიაშვილი - ჩვენი პარტია მზად ვართ, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, თუ შემოდგომაზე იქნება, არჩევნები კარგი ინსტრუმენტია ლეგიტიმაციის აღსადგენად
სანდრო რაქვიაშვილი - ჩვენი პარტია მზად ვართ, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, თუ შემოდგომაზე იქნება, არჩევნები კარგი ინსტრუმენტია ლეგიტიმაციის აღსადგენად

მე და ჩვენი პარტია მზად ვართ, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, თუ შემოდგომაზე იქნება. გაგვიხარდება, ასეთი არჩევნები თუ დაინიშნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები კარგი ინსტრუმენტია ლეგიტიმაციის აღსადგენად.

„ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში რაც ხდებოდა, ნათელი მაგალითია, რას ნიშნავს ლეგიტიმაციის ნაკლებობა – პარლამენტარებს გამბედაობა, ძალა არ ჰქონდათ, კანონმდებლობაზე ემუშავათ და განცხადებები გაეკეთებინათ. მინისტრები ისე მიდიან, განცხადებას არ აკეთებენ. პარლამენტარები მანდატებს როცა ტოვებენ არა იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკურ არჩევანს აკეთებენ, არამედ პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებას ელოდებიან, ეს მიუთითებს, რომ ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობაა. ჩვენ შეიძლება ასეთივე მდგომარეობაში დავრჩეთ ასეთი სუსტი ლეგიტიმაციის პარლამენტში. ამ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ფუნდამენტური რეფორმების ჩატარება, საარჩევნო ბარიერის დაწევა და ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება. ჩვენ თუ გვინდა, ეს სრულფასოვნად შევასრულოთ, გვჭირდება თუნდაც მოკლევადიანი, მაგრამ სრული ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი. მე და ჩვენი პარტია მზად ვართ, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, თუ ეს არჩევნები შემოდგომაზე იქნება. გაგვიხარდება, თუ ასეთი არჩევნები დაინიშნება. მესმის, რომ სხვა პარტიებს შესაძლოა, ასეთი მზაობა არ ჰქონდეთ. რიგგარეშე არჩევნები სწორი გზაა, მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს, რადგან სხვების ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებმა არჩევნებს არ უნდა შეხედონ, როგორც ოპონენტის განადგურების საშუალებას.

„საარჩევნო ბარიერი ერთპროცენტიანი იქნება და ხუთპროცენტიანი, მაჟორიტარები დარჩება. მიზანი ის კი არ არის, მაინცდამაინც ოპონენტი გაანადგურო და მიწაში ჩადო. ასე რომ უყურებენ არჩევნებს ჩემი კოლეგები, მათ შორის ოპოზიციიდან, „ქართული ოცნებაც“ ასე უყურებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, ამიტომ არის, რომ ჩვენ წესიერი დემოკრატიული საზოგადოება ვერ ავაშენეთ. ისრაელში ყოველ წელს არჩევნებია და ზოგჯერ ერთი წლის განმავლობაში არჩევნები რამდენჯერმე ტარდება, მაგრამ არავის უჩნდება იდეა, რომ ეს ოპონენტის გასანადგურებლად ხდება. საბოლოო ჯამში, არჩევნები არის ლეგიტიმურობის ტესტზე პასუხი და რა შედეგიც დადგება, ის იქნება ლეგიტიმური იმ მომენტში. „ქართული ოცნება“ მოიგებს თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. „ქართულ ოცნებას“ ახლაც აქვს უმრავლესობა და ამაზე უარესი შედეგი ხომ არ დადგება. საბოლოო ჯამში, გაუმჯობესების შანსი მაინც ჩნდება“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.