სანდრო რაქვიაშვილი - ბევრი ჭორი დადის, რომ ევროპული ქვეყნების, ცალკეული მთავრობების დონეზეც არის წინააღმდეგობა, ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინას, მოლდოვას
სანდრო რაქვიაშვილი - ბევრი ჭორი დადის, რომ ევროპული ქვეყნების, ცალკეული მთავრობების დონეზეც არის წინააღმდეგობა, ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინას, მოლდოვას

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება და ჭორი ვრცელდება, მათ შორის ის, რომ ევროპული ქვეყნების, ცალკეული მთავრობების დონეზეც არის წინააღმდეგობა. მისივე თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინასა და მოლდოვას.

ამასთან, როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით როგორი შედეგიც არ უნდა იყოს,  ის „ქართული ოცნების“ დამსახურება იქნება.

„ბევრი განსხვავებული მოსაზრება და ჭორი დადის, მათ შორის დაფიქსირებულია რამდენიმე პოზიცია, რომ ევროპული ქვეყნების, ცალკეული მთავრობების დონეზეც არის წინააღმდეგობა. ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინასა და მოლდოვას. პროცესი მიმდინარეობს და შედეგის პროგნოზირება ჯერ ძალიან რთულია. ერთი, რაც მაღელვებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები, შეფასებები, მუქარები, შანტაჟი და უცნაური პოზიციაა დაფიქსირებული, რომელიც მიუთითებს, რომ გზას ეძებენ, როგორ გაამართლონ, თუ ცუდი შედეგი დადგება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროცესი როცა დაიწყო, თავიდან ბოლომდე, 100%-ით პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. იმ ნაწილში, სადაც შეიძლებოდა, ოპოზიცია ჩართულიყო ევროინტეგრაციის პროცესში, იქნებოდა კითხვარზე მუშაობა ან რაღაც ტიპის მოლაპარაკებები, „ქართული ოცნების“ ინიციატივით გამოთიშული იყო. აქედან გამომდინარე, 100%-ით პასუხისმგებლობა იქნება „ქართულ ოცნებაზე“. არ მგონია, ცალკეულ ოპოზიციონერს შეუძლია, პრინციპულად ეს მდგომარეობა შეცვალოს. მესმის, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი ისეთი ჩანაწერი იყო, რომელიც გასაგებია, რომ ჩვენი ოპოზიციის აქტივობის შედეგია, მაგრამ ყოველთვის ჩნდება კითხვა, თუ „ქართულ ოცნებას“ ეს არ მოსწონდა, თვითონ რას აკეთებდა ამ მომენტში და თვითონ რაზე ხარჯავდა დროს. მით უმეტეს, ბევრად მეტი რესურსი აქვს – დიპლომატიური, ფინანსური, ადამიანური და ასე  შემდეგ. არ მგონია, ოპოზიციას რაიმე სახის პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანი ან პრინციპული პასუხისმგებლობა დავაკისროთ. რა შედეგიც არ უნდა დადგეს, კარგიც და ცუდიც, იქნება „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.