სანდრო რაქვიაშვილი - არ მჯერა, რომ ამ სიტუაციაში აქციები იქნება ეფექტიანი ბრძოლის გზა, თუმცა როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე უნდა დაიცვან საკუთარი პოლიტიკური პოზიციები
სანდრო რაქვიაშვილი - არ მჯერა, რომ ამ სიტუაციაში აქციები იქნება ეფექტიანი ბრძოლის გზა, თუმცა როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე უნდა დაიცვან საკუთარი პოლიტიკური პოზიციები

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, პრობლემას არ წარმოადგენს, თუ რომელიმე დეპუტატს უფლებამოსილების შეწყვეტა სურს.

„იანვართან შედარებით ეს არ არის რაღაც პოლიტიკური ჟესტი. თუ ადამიანებს უკეთესი ალტერნატივა გააჩნიათ, ვიდრე პარლამენტში ყოფნა, ჩვეულებრივი ამბავია და აქ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ მანდატები“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის აქციებს, რაქვიაშვილის თქმით, პროტესტის უფლება ყველას აქვს.

„არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ კუთხით. არ მჯერა, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს იქნება ეფექტიანი ბრძოლის გზა, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე უნდა გააპროტესტონ და ისე უნდა დაიცვან საკუთარი პოლიტიკური პოზიციები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ მიმართეს.

პარლამენტი  „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, დღის წესრიგში ორი ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება.