სანდრო რაქვიაშვილი - არ მესმის დავით არახამიას მოტივაცია, ბევრი ბრალდება მოგვისმენია, მაგრამ მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, ვიდრე ეს არ მოხდება, არ ღირს ამ განცხადების სერიოზულად მიღება
სანდრო რაქვიაშვილი - არ მესმის დავით არახამიას მოტივაცია, ბევრი ბრალდება მოგვისმენია, მაგრამ მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, ვიდრე ეს არ მოხდება, არ ღირს ამ განცხადების სერიოზულად მიღება

სიმართლე გითხრათ, არ მესმის დავით არახამიას მოტივაცია, მით უმეტეს, რომ არ მესმის მიზანი რაში მდგომარეობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას მიმართვაზე კომენტირებისას აღნიშნა.

დავით არახამიამ სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით“.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, დავით არახამიას ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს სხვა რომელიმე მოქალაქის წინააღმდეგ თუ აქვს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, მაგალითად რა დაარღვიეს და ასე შემდეგ, ალბათ სჯობს, რომ ეს საჯაროდ თქვას.

„ბევრი ბრალდება მოგვისმენია, სერიოზული ბრალდებებიც, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ იყო დადებული. ამიტომ ვიდრე ეს არ მოხდება, მე მგონი არ ღირს მთლად სერიოზულად ამ განცხადების მიღება და თუ მტკიცებულებები დაიდება, გავარჩევთ ამ მტკიცებულებებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.