სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილმა ალბათ იგულისხმა, რომ პარტიიდან მელია თუ წავა, ისიც დაკარგავს რეპუტაციას, რეიტინგს, რომელიც შეიძლება, დარჩენის შემთხვევაში ჰქონოდა
სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილმა ალბათ იგულისხმა, რომ პარტიიდან მელია თუ წავა, ისიც დაკარგავს რეპუტაციას, რეიტინგს, რომელიც შეიძლება, დარჩენის შემთხვევაში ჰქონოდა

ალბათ მიხეილ სააკაშვილმა იგულისხმა, რომ თუ პარტიიდან მელია წავა, ისიც დაკარგავს რეპუტაციას თუ რეიტინგს, რომელიც შეიძლება, ჰქონოდა, რომ დარჩენილიყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ,,ნაციონალური მოძრაობის” საქმეა, როგორ დალაგდებიან.

„მგონია, მელიაზეა საუბარი, ამის გარანტიას ვერავის მივცემ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ,,ნაციონალური მოძრაობის” საქმეა, როგორ დალაგდებიან. რა თქმა უნდა, უცნაურად გამოიყურება, როდესაც წინასწარ იწყებენ იმ ადამიანების ლანძღვას, ვინც შეიძლება, დაგტოვოს, მაგრამ არ წარმომიდგენია, რა ხდება ,,ნაციონალურ მოძრაობაში”, ამიტომ კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, სააკაშვილის მიერ მაგალითად გიგა ბოკერიას მოყვანა რას შეიძლება გულისხმობდეს, რაქვიაშვილი პასუხობს:

„იმას ნიშნავს, რომ ვიღაც პარტიიდან ალბათ წასვლას აპირებს და მელიას გარდა, არავინ მახსენდება, რაც ზედაპირზეა. შეიძლება, ვინმე სხვას გულისხმობდა, მაგრამ ალბათ, იგულისხმა, რომ თუ მელია წავა, ისიც დაკარგავს რეპუტაციას თუ რეიტინგს, რომელიც შეიძლება ჰქონოდა, რომ დარჩენილიყო“, – აცხადებს რაქვიაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. როგორც სააკაშვილი წერს, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება. ყოფილი პრეზიდენტის პოსტს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელმაც განაცხადა: „შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება“.