სანდრო რაქვიაშვილი - ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, ჩაერთონ პოლიტიკაში, დააფინანსონ, ან დააარსონ პარტია, ჰქონდეთ ტელევიზია და რაც უნდათ, ის აკეთონ
სანდრო რაქვიაშვილი - ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, ჩაერთონ პოლიტიკაში, დააფინანსონ, ან დააარსონ პარტია, ჰქონდეთ ტელევიზია და რაც უნდათ, ის აკეთონ

ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, ჩაერთონ პოლიტიკაში, ღიად და თავისუფლად გამოთქვან პოზიცია, დააფინანსონ, ან დააარსონ პარტია, ჰქონდეთ ტელევიზია და რაც უნდათ, ის აკეთონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ფული თუ აქვთ და ეს ფული არ არის კრიმინალური გზით ნაშოვნი, რატომ არ უნდა გამოიყენო ეს ფული შენი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად? მე პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ ვერც იმაში, ხაზარაძე რომ არის ჩართული პოლიტიკაში, ან ივანიშვილი, ან ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციაში არ წერია, რომ მაინცდამაინც ოლიგარქების წინააღმდეგ დევნა დაიწყოს.

„იქ წერია, ინსტიტუციებზე გადამეტებული გავლენა შეამცირეთო. გადამეტებული გავლენა ნიშნავს იმას, რომ ყველას შეიძლება, გავლენა გვქონდეს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ თუ ეს ინსტიტუცია ვიღაცის გამო ცუდად მუშაობს, გვითხრეს, ამას მიხედეთო. თან, ამ პრობლემით ხომ თქვენ თვითონ შეგვაწუხეთ, თქვენ თვითონ ამბობდით, პრობლემაა, პრობლემაა და მოდით, მიხედეთ, დასხედით, იპოვეთ გამოსავალი და წარმოადგინეთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა ასევე აღნიშნა, ევროპელებს არც ის უთქვამთ, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიეღო, ან უკრაინული კანონი გადაეწერა.

„მით უმეტეს, უკრაინული კანონი არ ვიცი, ვის და რატომ მოეწონა, მაგრამ მე არც უკრაინული მომწონს და რაც მთავარია, არც ვიცით, როგორ იმუშავებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებას დააზიანებს.

„ვიღაც გამოცხადდება ოლიგარქად და ფაქტობრივად, ადამიანთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდება. ანუ, ის განდევნილი იქნება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება, გააკეთო და ირიბი დაფინანსების გზებს კი მოიგონებენ, მაგრამ უბრალოდ, ადამიანურად, ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსია გახდება შეუძლებელი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული კანონის გადმოკოპირების ნაცვლად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უნდა ემსჯელა იმაზე, თუ როგორ მომხდარიყო ინსტიტუციების გაძლიერება და გავლენებისგან გათავისუფლება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა შეიცვალოს აღნიშნულ კანონში, რომ „გირჩმა“ მას მხარი დაუჭიროს, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ „გირჩი“ კანონის მხარდაჭერას არ აპირებს და იქვე ხუმრობით აღნიშნა, რომ შეიძლება, მხარი დაუჭიროს, თუ მაგალითად, ჩაიწერება, რომ კანონი ეხება მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც 50 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს.

ამასთან, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ევროკომისიის მთავარი რეკომენდაცია ბრძოლის და დაპირისპირების დასრულება იყო, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მიმართ მუდმივ დაპირისპირებაში არიან, რაც პოლარიზაციას აღრმავებს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა იმის რესურსი, რომ თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე ოპოზიციონერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვან, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რეალობაში ჯერჯერობით, ეს არ გამოდის.

შეკითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება და მოლოდინი ახალი ერთობის მიმართ, რასაც ოპოზიციას ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია სთავაზობენ, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ უფრო აქვს მოლოდინი, რომ „ისინი უფრო ადრე დაიშლებიან, ვიდრე რაღაც სერიოზულ ერთობად ჩამოყალიბდებიან, რადგან გაურკვეველია, რის ირგვლივ ერთიანდებიან.“