სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის დაკომპლექტებასა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის დაკომპლექტებასა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

„გირჩის“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც ჟურნალისტებს რაქვიაშვილმა განუცხადა, დისკუსიის საგანი იყო ეროვნული ბანკის დაკომპლექტება და მონეტარული პოლიტიკა.

რაქვიაშვილის ცნობით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, მან პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნო.

„როცა პრეზიდენტთან საახალწლო ღონისძიებაზე ვიყავი, მას ჩემი პოზიცია მაშინ გავაცანი და იანვარში შეხვედრა დაიგეგმა. პრეზიდენტი ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. სწორედ ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი იმ მაღალ ინფლაციაზე, რაც გვაქვს. მინდოდა, პრეზიდენტისთვის ჩემი მოსაზრება გამეზიარებინა, რაშია პრობლემა არა მხოლოდ ინფლაციის თვალსაზრისით, არამედ ეროვნულ ბანკში რა პრობლემებია და რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა, რა ინიციატივა უნდა ჰქონდეს. ის, თუ ვინ იქნებიან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ან პრეზიდენტი, ეს იქნება გადამწყვეტი მონეტარული პოლიტიკის კუთხით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი არა მხოლოდ ადამიანებზე იყოს ჩამოკიდებული, არამედ შეიცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ გადაწყვეტილებას იღებდეს ეროვნული ბანკის საბჭო, ეროვნული ბანკი გამჭვირვალე იყოს. ახლა პარლამენტს უფლება აქვს, აკონტროლოს ეროვნული ბანკი, მაგრამ ამისთვის ინსტრუმენტები არ გააჩნია. მაგალითად, ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.