სანდრო მამუკელაშვილმა სეზონი ორმაგი დუბლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა მამუკელაშვილისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. სხვათა შორის, სანდრომ ყველაზე მაღალი შედეგი წინა სეზონის ბოლო შეხვედრაში, სწორედ 10 აპრილს დააფიქსირა, როცა „მილუოკის“ მწვრთნელმა „კლივლენდთან“ მატჩში ახალგაზრდა ქართველი თითქმის 43 წუთი ათამაშა და მამუმ 28 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ზუსტად 1 წლის შემდეგ, 2023 წლის 10 აპრილს სანდრომ უკვე „სან ანტონიოს“ მაისურით, „დალასის“ წინააღმდეგ 31 წუთი ითამაშა – 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა, „სპურსმა“ კი „დალასი“ სტუმრად 138:117 დაამარცხა. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და სანანტონიოელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ქულებშიც, მოხსნებშიც, პასებში. მასზე მეტი ერთადერთმა მოთამაშემ, დალასელმა თეო პირსონმა მოაგროვა – 23 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი, რომელმაც სანდროზე 10 წუთით მეტი ითამაშა.

„სან ანტონიომ“ სეზონი 22 მოგებითა და 60 მარცხით დაასრულა და თავიდან აიცილა კლუბის ისტორიაში უარესი შედეგი (20-62).

სეზონი დაასრულა გოგა ბითაძემაც, რომლის გუნდიც „ორლანდო მეჯიქი“ პლეი ოფში ვერ გავიდა. ფლორიდელებმა რეგულარულ სეზონში 34 გამარჯვება მოიპოვეს და 48-ჯერ დამარცხდნენ. დასკვნით შეხვედრაში ორლანდოელები „მაიამი ჰითს“ ესტუმრნენ და ფლორიდული დერბი 110:123 წააგეს. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ მეჯიქი 1 ქულით იგებდა, თუმცა, გადამწყვეტი თორმეტწუთეულის სტარტზე 4:18 გაქცევა გაუშვა და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო.

„ორლანდოში“ საუკეთესოები კევონ ჰარისი (22) და კალებ ჰოუსტანი (21) იყვნენ. ბითაძემ მეჯიქის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 15 წუთში 5.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებდა.