სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ „სან ანტონიო ექსპრესთან“ - საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ისტორია აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ „სან ანტონიო ექსპრესთან“ - საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ისტორია აქვს [ვიდეო] #1TVSPORT

გაზეთ „სან ანტონიო ექსპრესში“ გამოქვეყნდა საინტერესო სტატია სანდრო მამუკელაშვილის შესახებ. ჟურნალისტი ტომ ორსბორნი, სპორტის პარალელურად, პოლიტიკურ თემებსაც ეხება.

„2008 წელს, როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოში შეიჭრა, სანდრო მამუკელაშვილი 9 წლის იყო, ჩიკაგოში დეიდა ეთერისთან ერთად ცხოვრობდა.

– მაშინ პატარა ვიყავი, თან ამერიკაში ვცხოვრობდი და ვერ ვაცნობიერებდი, როგორ იმოქმედა ომმა საქართველოზე. ჩემი მეგობრები მიყვებოდნენ, მათმა ძმებმა როგორ აიღეს იარაღი სამშობლოს დასაცავად, – მოგვითხრობს მამუკელაშვილი, რომელიც ნიუ იორკში დაიბადა, თუმცა ოჯახი საქართველოში მალევე დაბრუნდა და სანდროც თბილისში გაიზარდა.

საქართველოს შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მამუ ამბობს, რომ მისი ოჯახის ბევრი ახლობელი ცხოვრობს ამ ქვეყანაში:

– უკრაინის გვერდით ვდგავარ. მივესალმები ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძვის. ძალიან მძიმე სიტუაციაა. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება და ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.

მამუკელაშვილის სამშობლოში, საქართველოში მოსახლეობა 3,7 მილიონია. იმაზე ნაკლები, ვიდრე სამხრეთ კაროლინაში.

– საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ისტორია აქვს, რითiც ხალხი ძალიან ამაყობს, – ამბობს სანდრო.

ამ მცირე ზომის სახელმწიფოს NBA-ში ღირსეული წარმომადგენელი ჰყავს: მამუკელაშვილმა „სან ანტონის“ გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა სროლის მაღალი სიზუსტითა და გამთამაშებლისთვის დამახასიათებელი ტექნიკით. მას მარტში „მილუოკიმ“ კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა – „სან ანტონიო სპურსმა“ აიყვანა. ჩემპიონობის მაძიელები „მილუოკიდან“ „მშენებარე“ „სპურსში“ გადასვლის შემდეგ 23 წლის ქართველმა საკმარისი სათამაშო დრო მიიღო.

– ძალიან მადლიერი ვარ შანსისთვის, რომელიც ახალ კლუბში მომცეს. „მილუოკი ბაქსში“ იმდენად დიდია კონკურენცია, რომ მცირე სათამაშო დრო მქონდა. „სან ანტონიოში“ მოხვედრა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სადაც არ უნდა ვითამაშო, „სპურსის“ ყოველთვის მადლობელი ვიქნები“.