სანდრო ლორთქიფანიძე - მომავალ თაობებში სწორი ფასეულობებისკენ სწრაფვას თუ დავნერგავთ, ისინი ინტერნეტს ამ მიმართულებით გამოიყენებენ
სანდრო ლორთქიფანიძე - მომავალ თაობებში სწორი ფასეულობებისკენ სწრაფვას თუ დავნერგავთ, ისინი ინტერნეტს ამ მიმართულებით გამოიყენებენ

თუ მოვახერხებთ, რომ მომავალ თაობებში სწორი ფასეულობებისკენ სწრაფვა დავნერგოთ, ისინი ინტერნეტს ამ მიმართულებით გამოიყენებენ, – ამის შესახებ გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანმა, სანდრო ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, ინტერნეტი ან თუნდაც, წიგნი მიზანი არ უნდა იყოს. მიზანი სრულიად სხვა რამ უნდა იყოს და ამ შემთხვევაში, წიგნიც და ინტერნეტიც საშუალება უნდა იყოს. მთავარია, ბავშვებს, მოზარდებს, მომავალ თაობებს სწორი მიზნები დავუსახოთ, სწორი ფასეულობები ვასწავლოთ და მივაჩვიოთ, რომ ამ ფასეულობების მიმართულებით ისწრაფოდნენ. ამ სწრაფვისას ისინი უკვე სწორად გამოიყენებენ წიგნებსაც და ინტერნეტსაც“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, შეიძლება, წიგნიც აბსოლუტურად არასწორად იყოს გამოყენებული და ინტერნეტსაც ასევე აქვს თავისი პლუსები და მინუსები.

„წიგნიც შეიძლება, აბსოლუტურად არასწორად გამოვიყენოთ. იმიტომ, რომ ათასნაირი წიგნია, რომელმაც შეიძლება, გონება მოგვიწამლოს, მოგვიშხამოს და სხვა გზით წაგვიყვანოს. ანალოგიურად, ინტერნეტსაც აქვს პლუსები და მინუსები. მეც, როდესაც ბავშვებთან და მოზარდებთან მაქვს ურთიერთობა, ყურადღებას არ ვამახვილებ კონკრეტულად იმაზე, რომ წიგნები უნდა იკითხონ, ინტერნეტს უნდა შეეშვან და ა.შ. მე ყურადღებას ვამახვილებ ფასეულობებზე – განათლებაზე, ჰუმანურობაზე, სიკეთეზე, თანასწორობის იდეაზე და ა.შ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამ განცხადებით სანდრო ლორთქიფანიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ ბავშვები წიგნით კიდევ უფრო მეტად დააინტერესონ და უნდა მოხდეს თუ არა ინტერნეტის წიგნებით ჩანაცვლება იმის გათვალისწინებით, რომ წიგნები ინტერნეტითაც არის ხელმისაწვდომი.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, თუ ამას უხეშად დავარქმევთ ბრძოლას ადამიანებსა და რობოტებს შორის და ვიომებთ, ოდესმე, ამ ბრძოლაში მაინც დავმარცხდებით.

„სამყარო ტექნოლოგიურად ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეუძლებელია, შეზღუდვებით ისინი დავამარცხოთ. მე ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ მათთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ისე, რომ ეს ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის არა საზიანო, არამედ სასარგებლო იყოს. ეს ძალიან რთულია და ალბათ, ჩვენ ახლა ვართ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. იმიტომ, რომ თუ შორიდან შევხედავთ, სამყაროს ისტორიისთვის კომპიუტერი აბსოლუტური სიახლეა და ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, კომპიუტერი რეალურად რა არის, ან რა შედეგების მოტანა შეუძლია ჩვენთვის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

„წიგნების თაროს“ წამყვანმა ასევე განაცხადა, რომ ახალი აპლიკაცია – „წიგნების თარო მედია“ ყველას შეუძლია, საკუთარ გაჯეტებში ჩამოწეროს, მაგრამ ის უფრო მეტად, ახალგაზრდებზეა ორიენტირებული.

„ეს არის ერთგვარი სოციალური ქსელი-აპლიკაცია, რომელშიც ყველა ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროფაილი შექმნას და ამ აპლიკაციის საშუალებით ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა შემეცნებითი მასალა – ტექსტები, ფოტო, ვიდეო და ა.შ. ახალგაზრდები უკვე, აქტიურად მოიხმარენ ამ აპლიკაციას და ერთმანეთს სხვადასხვა სიახლეებს უზიარებენ. თვითონ რაც იციან, ცდილობენ, სხვას გადასცენ. ასევე, ეს ყველაფერი მედია სივრცის გაჯანსაღებაზე და მედია სივრცისთვის ახალგაზრდობაში ახალი კადრების მოძიებაზეა ორიენტირებული, რომ ახალი თაობის განათლება, რაც „წიგნების თაროში“ უკვე დაფიქსირდა, სამომავლოდ, ამ სივრცეშიც გავრცელდეს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მათგან, ვინც ახალ აპლიკაციაში საკუთარ ინფორმაციას, სიახლეს, ბლოგს, თუ ფოტო-ვიდეო მასალას ტვირთავს, საახალწლოდ ექვსი ყველაზე აქტიური, საინტერესო ახალგაზრდა ამოირჩევა და პირველ იანვარს ანაზღაურებად სპეციალურ სტაჟირების პროგრამაში დასაქმდება.